„საქართველოს ბანკი“ უცხოურ უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

იმ ქართველი სტუდენტებისათვის, რომლებიც განათლებას საზღვარგარეთ იღებენ, „საქართველოს ბანკი“ საზაფხულო სტაჟირების პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამისათვის, სტუდენტებმა 2023 წლის 4 ივნისის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი, ატვირთონ საკუთარი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ვებგვერდზე.

„პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სამუშაო გამოცდილება მათთვის საინტერესო პოზიციებზე დააგროვონ, ითანამშრომლონ „საქართველოს ბანკის“ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან და საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით გამოსცადონ: G&T საინვესტიციო ბანკინგი, ფინანსური მიმართულება, კორპორაციული ანალიტიკა და გაყიდვები, ინვესტორებთან ურთიერთობა, მონაცემთა ანალიტიკა და მეცნიერება, იურიდიული მიმართულება, სტრატეგიული პროექტების მართვა და სხვა.“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, საზაფხულო სტაჟირება 2-8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სტუდენტების ინდივიდუალური კალენდრის მიხედვით ჩატარდება.

„საზაფხულო სტაჟირების პროგრამა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობაა, რომელიც მიზნად ისახავს, დაანახოს უცხოეთში განათლების მისაღებად მყოფ ქართველ სტუდენტებს საკუთარი ცოდნისა და უნარების საქართველოში რეალიზების პოტენციალი. ასევე, აძლევს მათ შესაძლებლობას, დაიგროვონ სამუშაო გამოცდილება მათთვის საინტერესო მიმართულებით, ითანამშრომლონ ჩვენი გუნდის პროფესიონალებთან და განივითარონ ახალი უნარები. „საქართველოს ბანკისთვის“ კი არის შესაძლებლობა, აღმოაჩინოს და მოიზიდოს ტალანტები. საზაფხულო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში უკვე არაერთმა სტუდენტმა მიიღო სასურველი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, რამდენიმე მათგანი კი დღეს პროფესიულ ზრდას ჩვენს გუნდთან ერთად აგრძელებს“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივა 2020 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში „საქართველოს ბანკში“ სტაჟირება უკვე 19-მა სტუდენტმა გაიარა, რომლებიც მსოფლიოს ისეთ გავლენიან უნივერსიტეტებში სწავლობდნენ, როგორებიცაა: ნოტინგემის, ლოფბოროს, რიჩმონდის, ჯორჯ ვაშინგტონის, კენტის, როტერდამის, ერასმუსის და სხვ. უნივერსიტეტები.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს