საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო სექტორში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებზე იმსჯელეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინფორმაციო სემინარი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტურობის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და დაწესებული ახალი რეგულაციების გაცნობას.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო სემინარზე, რომელიც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტისა და სტუ-ის „მშენებლობაში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნა-შემუშავებისა და მომსახურების ცენტრის“ ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა, განიხილეს „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და - „შენობების, შენობების ნაწილებისა ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების“ შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებები.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა, სამშენებლო სექტორის, დეველოპერული კომპანიების, საპროექტო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა, ასევე, უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.

სემინარზე საკანონმდებლო სიახლეების შესახებ ვრცელი პრეზენტაციით წარსდგა სტუ-ის „მშენებლობაში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნა-შემუშავებისა და მომსახურების ცენტრის“ შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის რეგულაციების შესრულების განყოფილების ხელმძღვანელი, გაეროს შენობების ენერგოეფექტურობის და მდგრადი განვითარების ექსპერტთა ჯგუფის წევრი, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი, ნანი მეფარიშვილი. შენობების ენერგეტიკული აუდიტის, სერტიფიკატის მომზადების მეთოდებისა და დოკუმენტებში მონაცემების კვალიფიციურად გაანგარიშების მნიშვნელობის თაობაზე ისაუბრა შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის რეგულაციების შესრულების განყოფილების უფროსის მოადგილემ, ევროკომისიის ენერგოეფექტურობის ექსპერტმა საქართველოში, სტუ-ის აკადემიურმა დოქტორმა ხათუნა სიჭინავამ.

ნანი მეფარიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო სიახლეების განხილვამ სემინარის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

„საკანონმდებლო ცვლილებებსა და სიახლეებზე მსჯელობა, მათი შეჯერება და დისკუსიები უდავოდ მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორში დასაქმებული ორგანიზაციებისა და სპეციალისტებისთვის. ამასთან სემინარის ჩატარება დროულია იმდენად, რამდენადაც აღნიშნული ცვლილებები უახლოეს მომავალში ამოქმედდება. სემინარის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რადგან მათთვის ღირებულია საჭირო ინფორმაციის მიღება მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებისგან. გადაწყდა რომ, მსგავსი შეხვედრები რეგულარულად ჩატარდება და ჩვენი ცენტრი შენობების ენერგოეფექტურობის საკითხებზე სამშენებლო კომპანიებსა და დეველოპერებს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს და ტრენინგებს ჩაუტარებს“, - აღნიშნა ნანი მეფარიშვილმა.

სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტურობის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი რეგულაციები მიმდინარე წლის ივნისიდან ამოქმედდება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი