რუსეთის დამქაშებს და პუტინის წარმომადგენლებს ნატო-ში არავინ შეიყვანს - ჩვენი მოწოდება იქნება, რომ ნატო-ს და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან გაძლიერდეს ზეწოლა ოლიგარქ ივანიშვილზე, მას და მის ბანდას სანქციები დაედოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ასეთი რეჟიმის პირობებში სამწუხაროდ, საქართველოს ნატო-ში ვერ მიიღებენ“.
„რუსებს და პუტინს ვერ გაუმხელენ ნატო-ში რაც საიდუმლოებებია, ვერ გაუმხელენ უკრაინის სამხედრო დახმარების გეგმებს, იმ სტრატეგიულ გეგმებს და ამოცანებს, რაც ნატო-ს აქვს რუსეთის წინააღმდეგ.
რუსეთის დამქაშებს და პუტინის წარმომადგენლებს ნატო-ში არავინ შეიყვანს. ეს მძიმე მდგომარეობაა. ჩვენი მოწოდება იქნება, რომ ნატო-ს და წევრი სახელმწიფოების მხრიდან გაძლიერდეს ზეწოლა ოლიგარქ ივანიშვილზე, მას და მის ბანდას სანქციები დაედოს, კიდევ უფრო აქტიურად მოითხოვონ ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. განახორციელონ ის დიპლომატიური და სხვა ღონისძიებები, რომელიც დაეხმარება ქართველ ხალხს, რომ ამ ზეწოლას გაუძლოს, ასევე დაეხმარება ყველა პროდასავლურ, პატრიოტულ პოლიტიკურ ძალას, მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომ ამ ვითარებას გაუძლონ, ასევე დაეხმარება ქართულ საზოგადოებას, რომ მშვიდობიანად ჩამოიშორონ მოღალატეობრივი რეჟიმი ხელისუფლებიდან“,- აღნიშნა ბარამიძემ.