ანა დოლიძე - საჯარო სკოლების რემონტის საკითხი პრობლემურია, რაც ჩანს რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის მაგალითზე

პარტია ,,ხალხისთვის’’ თავმჯდომარე, ანა დოლიძე რუსთავის 25-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, რომლის რემონტი უკვე წლებია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ანა დოლიძის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს და აცხადებს, რომ ეს პრობლემური საკითხია.
„მინდა ძალიან დიდი აღშფოთება გამოვხატო სკოლების რემონტის საკითხზე საქართველოში მშობლებისა და მასწავლებლების სახელით რუსთვის 25-ე საჯარო სკოლის მაგალითზე, სადაც რემონტი მეოთხე წელია უშედეგოდ მიმდინარეობს.
მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, განათლების სამინისტროს ბატონო ბიძინა, არ ვიცი საერთოდ რაიმე გაინტერესებთ თუ არა, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული სისტემური საკითხი, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება რამდენიმე სფეროში. განათლების სფეროში ვალდებულება გულისხმობს შემდეგს: ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს საშუალო, უფასო განათლება, ეს არის კონსტიტუციური ვალდებულება. ამასთან ეს გახლავთ ბავშვების, მშობლების და მასწავლებლების უფლება, რომ ნორმალურ პირობებში ისწავლონ და ასწავლონ. ასევე, მივმართავ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის დირექტორს თეა ტაბატაძეს. ქალბატონო თეა, თქვენ უნდა იყოთ პირველი ხმა მშობლების და მასწავლებლების განათლების სამინისტროს წინაშე. არ უნდა გამოდიოდეთ უზნაძის ქუჩიდან, დილით იქ უნდა ხვდებოდეთ მინისტრს ძველსაც და ახალსაც. რამდენი მინისტრი გამოიცვალა ამ დროის განმავლობაში, რა გახდა ამ სკოლის გახსნის საკითხი? საწყალ მშობლებს ისედაც თავიანთი რთული ცხოვრება ეყოფათ, ამას ბოლო რამდენიმე წელია ემატება ისიც, რომ ბავშვები დაჰყავთ სხვადასხვა სკოლაში, ბევრი ბავშვი საერთოდ ფეხით დადის, დილით ტრანსპორტში გაუსაძლისი სიმჭიდროვე და ჭყლეტაა. თეა ტაბატაძე, მე მზად ვარ, შეგხვდეთ თქვენ იმიტომ, რომ თქვენ უნდა იყოთ მოწინავე ამ ბრძოლაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე ეს ასე არ ხდება’’, - განაცხადა დოლიძემ.

























