საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისი პირველი დირექტორის, საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გიორგი გეხტმანის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საბიბლიოთეკო საქმის წახალისების მიზნით გიორგი გეხტმანის შთამომავლების, საქართველოს კულტურის აკადემიისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ დაჯილდოვდნენ ბიბლიოთეკარები.
„ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის პირველი ხელმძღვანელის, ლეგენდარული გიორგი გეხტმანის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. ეს არის ჩვენი გზავნილი, რომელიც წარსულის პატივისცემას და დიდი ტრადიციის უწყვეტობის განცდას ემსახურება. სივრცე მეცნიერის შთამომავლებთან კონსულტაციით და მათი შემოწირულობებით მოეწყო. ასევე დაწესდა საბიბლიოთეკო ჯილდო – ,,გეხტმანი'' – რომელიც ყოველწლიურად სამ გამორჩეულ ბიბლიოთეკარს გადაეცემა. წელს – მადონა თოდრია, ნინო მუხაშავრია და ქეთი თომაძე დავაჯილდოეთ. დიდი ბიბლიოთეკარის ოჯახმა მოულოდნელად მეც დამაჯილდოვა საბიბლიოთეკო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის. მადლობა და მივიღებ ავანსად“, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.