ანა დოლიძემ ცოდნის გავრცელების ინიციატივა ,,დინება’’ დააფუძნა

ანა დოლიძემ ცოდნის გავრცელების ინიციატივა ,,დინება’’ დააფუძნა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ ცოდნის გავრცელების ინიციატივა ,,დინება’’ დააფუძნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სამართლის პროფესორი, ანა დოლიძე საზოგადოებას სთავაზობს სივრცეს, სადაც მოხდება ახალი იდეებისა და ცოდნის გავრცელება, მათზე მსჯელობა, ახალი იდეების შექმნა.

„დინება“ აპოლიტიკური სივრცეა და დაეთმობა ყველა საინტერესო იდეას, შეხედულებას და შექმნის ახალი იდეების განვითარების საშუალებას.

„ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით საქართველოში, უფრო და უფრო მატულობს სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო საფრთხეები, პროპაგანდა ძლიერდება, ადამიანები ექცევიან ცრუ ინფორმაციების გავლენის ქვეშ, დაიკარგა სხვაობა ცოდნასა და ტყუილს, ფსევდო ცოდნას შორის, არ არსებობს იდეების გავრცელების და მათზე სიღრმისეული მსჯელობის, ფიქრის სივრცე. საჯარო მსჯელობა ზედაპირულია და ჩაკეტილი ერთ წრეში. ჰიბრიდული ომის პირობებში მნიშვნელოვანია არსებობდეს სივრცე, სადაც ამ ყოველივეს დავუპირისპირებთ ცოდნას, ახალ იდეებს. სივრცე, სადაც ყველა, ვისაც აინტერესებს იდეები და უნდა ცოდნის მიღება და გავრცელება, იპოვის თავის ადგილს. „დინება“ იქნება ადგილი სადაც ცოდნის და იდეების გარშემო მოხდება სხვადასხვანაირი ადამიანების შეკრება რომელთაც ერთადერთი სურვილი აქვთ, მიიღონ ცოდნა, გაიგონ ან შექმნან ახალი იდეები, გაავრცელონ ისინი, იმსჯელონ და იფიქრონ.

„დინება“ აპოლიტიკურია იმ გაგებით, არ არის დაკავშირებული რომელიმე პარტიასთან, ღიაა ყველა შეხედულების და გაგების ადამიანისთვის, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს ან შექმნას ცოდნა, იდეები და იმსჯელოს მათზე”, - ნათქვამია განცხადებაში.