ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი - თბილისში, წელს, ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა - პანიკის საფუძველი არ არსებობს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის გიორგი კობიაშვილის განცხადებით, წელს, თბილისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა.

მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას მიმართა, რომ საჭიროების შემთხვევაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართონ და ისინი სრულიად უსასყიდლოდ აცრიან ცხოველს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით.

„წელს, თბილისში ორი გამოვლენილი შემთხვევა გვაქვს. მაგალითად, 2022 წელს ჩვენს დედაქალაქში ცოფის არცერთი შემთხვევა არ იყო. მინიმუმამდე არის თბილისში, ცხოველებში ცოფის შემთხვევები გამოვლენილი“, - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.

მისივე თქმით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მეპატრონეებმა, რომლებსაც დაჰყავთ საკუთარი ცხოველი, მაგალითად სანადიროდ, სასურველია, ერთზე მეტჯერ აცრან ცოფის ვაქცინით.

მან ასევე განმარტა, თუ რა სიმპტომები ახასიათებს ცოფის დროს ძაღლს.

„შეიძლება ამ ძაღლს ყლაპვა გაუჭირდეს იმიტომ, რომ როდესაც ნერვულ სისტემაში გადადის ცოფის ვირუსი, ამის შემდეგ უკვე ხდება კუნთოვანი სისტემის დაზიანება. ასევე ჰალუცინაციებსაც იწვევს ცხოველებში და ყლაპვა ურთულდებათ, როგორც საკვების, ასევ წყლის. როდესაც შევნიშნავთ ცხოველს ისეთ ქცევას, რაც მისთვის არადამახასიათებელია, სასურველია, მაშინვე მივმართოთ ვეტერინარს“, - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.

როგორც მან განმარტა, აცრები მასობრივად არ ტარდება და გარკვეული რისკი არის, რომ ცოფი მარტივად და სწრაფად გავრცელდეს.

„საბედნიეროდ, ჩვენს დედაქალაქში საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს და არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებენ ცოფის წინააღმდეგ ცხოველების აცრებს. ამ პროცესში ჩართულები არიან ცხოველთა მიმკედლებლები, რომლებიც ადგილზე გვეხმარებიან და თავის შეკედლებულ ცხოველებს გვახვედრებენ, რაც საქმეს გვიმარტივებს. ჩვენს მუნიციპალურ თავშესაფარში ყოველდღიურად შემოდიან ცხოველები, რომელთაც ადგილზეც უკეთდებათ ცოფის ვაქცინა. ასევე, ყოველდღიურად ჩვენი ჯგუფი გადაადგილდება ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე და ადგილზე ატარებენ აცრებს“, - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.

მისი თქმით, მიუსაფარი ცხოველის აცრა უფასოა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართოს.

„ალბათ, ქუჩაში გინახავთ ცხოველი, რომელსაც ყურზე სპეციალური საჭდი უკეთიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოველი ერთხელ მაინც არის აცრილი ცოფზე“, - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა