საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღე აღინიშნა.

ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ გახსნა. მან ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. ირაკლი გაბისონიამ მადლობა გადაუხადა რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ის ფაკულტეტების, აკადემიური-სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტების მიმართ იჩენს.

„მიუხედავად იმისა, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაარსებიდან მხოლოდ შვიდ წელს ითვლის, უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით მივაღწიეთ იმას, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში ფაკულტეტის ცნობადობა ყოველწლიურად მზარდია. დღეს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2200 სტუდენტი სწავლობს. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სისხლის სამართლის, საჯარო სამართლის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, კერძო სამართლის და კულტუროლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დეპარტამენტები. აქტიურად ვითარდება ფაკულტეტის სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, მოქმედებს თანამედროვედ აღჭურვილი კრიმინალისტიკის, საჯარო სამართლის, მიხეილ მუსხელის სახელობის დიპლომატიური ოსტატობის, ინტელექტუალური საკუთრების, ეჟენ-ფრანსუა ვიდოკის სახელობის სამძებრო საქმიანობისა და პერსონალური უსაფრთხოების ლაბორატორიები. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ხუთი კვლევითი ინსტიტუტი: პოლიტიკისა და სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობის, ჩინეთის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტსამართლის და კულტუროლოგიის. აღსანიშნავია, რომ ყველა ლაბორატორია, აკადემიური დეპარტამენტი და ინსტიტუტი წარმატებით ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს და ჩართულია არაერთ პროექტში. ვულოცავ ჩვენი ფაკულტეტის აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს, სტუდენტებს დღევანდელ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ კოლეგებსა და სტუდენტებს სამართლისა და საერთაშორისო უთიერთობების ფაკულტეტის დღე მიულოცა. რექტორის განცხადებით, ფაკულტეტზე საინტერესო კვლევითი პროექტები ხორციელდება, რომელშიც, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, სტუდენტები არიან ჩართულნი.

„საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს, კოლეგებსა და სტუდენტებს ვულოცავთ დღევანდელ დღეს და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას. უნივერსიტეტისთვის სასიხარულოა, რომ ფაკულტეტზე ეფექტიანი კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა მიმდინარეობს. საამაყოა, რომ პირველად საგანმანათლებლო სივრცეში, ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, თავიანთ პედაგოგებთან ერთად, ბავშვთა უფლებათა კოდექსის კომენტარები შეიმუშავეს, საქართველოს პარლამენტში კი არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ფაკულტეტის პროეფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ერთობლივად განახორციელეს მასშტაბური პროექტი - „ასი საჯარო ლექცია“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მეცნიერებმა, პოლიტიკოსებმა, ეკონომისტებმა, დიპლომატებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. შეუძლებელია არ აღინიშნოს ფაკულტეტის მკვლევართა მიერ გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ფაკულტეტმა განხორციელა უნიკალური საერთაშორისო პროექტი - „პოლიტიკა სამსჯავროზე“, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი იყო ჩართული. ეს არის მცირედი ჩამონათვალი იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისა, რომელსაც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ახორციელებს და დიდ ძალისხმევას დებს მომავალი თაობების, ახალგაზრდა პროფესიონალების აღზრდასა და კარიერულ განვითარებაში“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს, რექტორმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი უნივერსიტეტის სენატის სპიკერს, ჰუმანიტარულ-სოციალური საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, პროფესორ ჯემალ გახოკიძესა და ცნობილ მწერალს, სტუ-ის პროფესორს, რევაზ მიშველაძეს მიანიჭა. დავით გურგენიძემ ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისთვის გურამ ნაჭყებიას სახელობის საპატიო ჯილდო გადასცა სტუ-ის პროფესორს, ჰუმანიტარულ-სოციალური საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრ შენგელი ფიცხელაურს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, სტუ-ის ასოცირებულ პროფესორ ირაკლი შოთაძეს, იურიდიული კლინიკური განათლების ხელშეწყობისთვის კი პროფესორ მერაბ ტურავას, ხოლო ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის საპატიო ჯილდო - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, პროფესორ დავით ნარმანიას.

„ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და წარმატებული სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისთვის, გურამ ნაჭყებიას სახელობის ჯილდო გადაეცათ ღვაწლმოსილ მეცნიერებს - ციალა გლოველსა და ბესიკ ტეტელოშვილს, ასევე, ახალგაზრდა მეცნიერებს - სოფიო დემეტრაშვილსა და ბაკურ მიქაძეს. ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო მიენიჭათ ღვაწლმოსილ მეცნიერებს - ავთანდილ სონღულაშვილსა და ივანე გიორგაძეს, ასევე, ახალგაზრდა მეცნიერებს - ნათია ლაცაბიძეს და რუსუდან ქაზუმაშვილს.

რექტორმა სტუდენტების კარიერული განვითარების მიმართულებით უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ფაკულტეტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ ნანა გაბელიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიას.

ნომინაციაში - „საუკეთესო მონოგრაფია“ გამარჯვებულად დასახელდა პროფესორ ჰენრი კუპრაშვილის ნაშრომი - „საქართველოს ეროვნული უშიშროება“, ნომინაციაში - „საუკეთესო სახელმძღვანელო“ - გამარჯვება მიაკუთვნეს ნაშრომს - „ქართული სასამართლო და პოლიტიკური მჭევრმეტყველება“, ავტორები: ირაკლი გაბისონია, ვაჟა პაპასკირი, ჯემალ გაბელია, მურმან თავდიშვილი, დავით ხუფენია. ნომინაციაში - „საუკეთესო პროფესორი“ დასახელდნენ ვახტანგ ჟვანია და ზურაბ კვეტენაძე. ფაკულტეტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს ასოცირებული პროფესორი კახა ძაგანია, „საუკეთესო კურსდამთავრებულები“ კი გახდნენ ლევან კოპალიანი, თინათინ დევდარიანი და მაკა აბულაძე.

ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიით სამართლის საბაკალავრო პროგრამის 6 სტუდენტი - იაგო მაისურაძე, მარიამ დათუნიშვილი, გვანცა ლონდარიძე, მარიამ მახნიაშვილი, ამირან ბროლაძე და მიხეილ კულატამიშვილი, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის 4 სტუდენტი - იესე ჯავახიანი, ლევან საბიაშვილი, გიორგი ჭანტურია და გიორგი ქანთარია დააჯილდოვა.

სტუ-ის ინფორმაციით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული სტუდენტებიც გამოავლინეს. ნომინაციაში - „პროზა“ - პირველი პრემია ბექა ვარდოსანიძეს მიენიჭა. ნომინაციებში - „ესეისტიკა“ და „პოეზია“ - პირველი პრემიის მფლობელები ალბერტ მესხი და შალვა ხუციშვილი გახდნენ. გამარჯვებულებს ჯილდოები მწერალმა, პროფესორმა რევაზ მიშველაძემ გადასცა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა