დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გორში სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას წარმოადგენს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გორში, ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას წარმოადგენს.

„ადგილზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ არაერთ სახალისო აქტივობაში – მათ ადგილზე დახვდებათ თემატური ინსტალაციები, ციფრული კუბი, საბავშვო გასართობი სივრცეები, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი მეწარმეებისა და სამხედრო ტექნიკის გამოფენები და სხვა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუმრებს შესთავაზებს კონკურსს „ფრაზა თავისუფლების თემაზე“ და 26 მაისის შესახებ ისტორიული ფაქტების ამსახველი ფოტომასალის გამოფენას. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის მოღვაწეობის შესახებ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით გაიმართება გეოგრაფიული და ისტორიული ვიქტორინა შიდა ქართლის რეგიონის თემატიკაზე და შემეცნებითი თამაში “CITY GAME”, 26 მაისისა და უნივერსიტეტის თემებზე. ამასთან, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ „არქეოლოგიურ გათხრებში“, რაც სპეციალურად მოწყობილ ქვიშის მოედანზე დამალული არტეფაქტების მოძიებას გულისხმობს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ჩართულობით სტუმრებს ექნებათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ დიდი ზომის ფაზლის აწყობაში, რომელიც შექმნილია „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციის მიხედვით. ადგილზე გაიმართება წიგნის ბეჭდვის ძველი ტექნოლოგიის გაცოცხლების ვორქშოფი „დაბეჭდე დედა ენა“ და ციფრულ კუბში 3D ანიმაციის – „ხელნაწერი მემკვიდრეობა“ ჩვენება. ამასთან, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სტუმრებს კალიგრაფიისა და ქაღალდის რესტავრაციის მასტერკლასებსაც შესთავაზებს. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული ახალგაზრდების პროექტებით იქნება წარმოდგენილი. ფონდი დამთვალიერებელს სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ჩართულობის შესაძლებლობასაც მისცემს. კერძოდ, გაიმართება სახალისო ექსპერიმენტების პრაქტიკული დემონსტრირება – „ფერადი ქიმია“, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს ფერადი ბოლის ეფექტების გამოყენებით სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარების დამზადებისა და სახალისო ინტერაქციული ცდების ჩატარების საშუალება მიეცემათ. ამასთან, ჩატარდება გასართობ-შემეცნებითი ვიქტორინა „მე და მეცნიერება“ და მონაწილეები სამეცნიერო თემატიკაზე მინის „აკვარიუმში“ განთავსებულ კითხვებს უპასუხებენ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული, გორის მუნიციპალიტეტის, შიდა ქართლის თემატიკასთან დაკავშირებული პროექტების წარდგენაც.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სტუმრებს „კლუბი ჩხირკედელას“ წევრი მოსწავლეების ჩართულობით STEM სწავლების მიმართულებით საგანმანათლებლო აქტივობებს შესთავაზებს, მათ შორის, ექსპერიმენტებსა და სახალისო შეჯიბრებებს.

საქართველოს მასშტაბით მოქმედი პროფესიული კოლეჯები – „იკაროსი“, „განთიადი“, „ახალი ტალღა“, „აისი“, „ფაზისი“, „ბლექსი“, „მერმისი“ და „იბერია“ – წარმოადგენენ სტუდენტების ნამუშევრებს, ასევე, გამართავენ პროგრამების პრეზენტაციებსა და მასტერკლასებს. ნებისმიერ მსურველს მიეცემა შესაძლებლობა, საკუთარი ძალები მოსინჯოს ისეთ პროფესიებში, როგორებიცაა: კულინარია, ხის მხატვრული დამუშავება, ფლორისტიკა, მკერავი, ბარმენი, მემინანქრე, თექის ოსტატი და სხვა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრების წინაშე ადგილობრივი ანსამბლები თავიანთი მუსიკალური შემოქმედებით წარდგებიან, ხოლო დღის ბოლოს ცნობილი მომღერლებისა და ბენდების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის