საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავების მიზეზები პოლიციამ ჟურნალისტებთან არ განმარტა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ „დაკავებული ადამიანი არ ემორჩილებოდა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას“.
მოგვიანებით საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აღნიშნული პირი ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორდონი.
ამასთან, როგორც სირაძემ განაცხადა, მათ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც მსვლელობა ევროკავშირის დროშით გამართეს, მოუწოდეს, რომ მსვლელობა საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაესრულებინათ, რათა არ ჩაეშალათ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
„პირი ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორდონი. აქცია ჩაატარონ პარლამენტის წინ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს ღონისძიება, შესაბამისად, მოვუწოდებთ, რომ აქცია დაასრულონ პარლამენტთან ნუ გადავლენ და ნუ ჩაშლიან ღონისძიებას. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დროშას - აქციის მონაწილეები არ შევუშვით და არა დროშიანი ადამიანები“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც პარლამენტთან ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მივიდნენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც კორდონი აქვს გაკეთებული.