ირაკლი ქარქაშაძე - ავიატორები და ავიაცია ყველაზე მეტად არის თავისუფლებისმოყვარე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის მთავარ გამზირზე, ,,ქართული კომერციული ავიაციის 100 წლის“ კონცეფციით არის წარმოდგენილი. ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ, ვიზიტორებს საინტერესო და ორიგინალური ინსტალაციები, თანამედროვე დიზაინის, ინტერაქციული და ინფორმაციული სივრცე ხვდებათ, რომელიც ავიაციისა და აეროპორტების თემატიკით არის გაჯერებული.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, რაც მთავარია, რუსთაველის გამზირზე პირველად არის წარმოდგენილი ორადგილიანი, ქართული წარმოების სამგზავრო საჰაერო ხომალდი, რაც სიმბოლურად, 1923 წელს, თბილისიდან მანგლისამდე მხოლოდ ერთი მგზავრით შესრულებულ პირველ სამგზავრო კომერციულ რეისს წარმოადგენს. აეროპორტების გაერთიანების სივრცე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა.

,,სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ნამდვილად ჩვენია! ავიატორები და ავიაცია ყველაზე მეტად არის თავისუფლებისმოყვარე. ჩვენს ვიზიტორებს ვუზიარებთ იმ გრძელ გზას, რომელიც ქართულმა ავიაციამ საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე გამოიარა. ასევე, წარმოდგენილი გვაქვს ქართული წარმოების, საქართველოში დაპროექტებული და შექმნილი ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდი, რომელიც ჩვენს ვიზიტორებს საშუალებას აძლევს მოირგონ მფრინავის ადგილი და გაეცნონ იმას, რაც ყველასთვის საინტერესოა. წარმოდგენილი გვაქვს ასევე, პირველი ქართველი ავიატორების კოსტიუმების გამოფენა, ასევე სარკეებიანი გალერეა პეტრე ოცხელის ,,მფრინავი მღებავით“, რომელიც დიდ მოწონებას იმსახურებს ჩვენს ვიზიტორებში",-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

რუსთაველის გამზირის გარდა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დამოუკიდებლობის დღისთვის, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანიასთან ერთად, საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტები 26 მაისის თემატიკით გააფორმა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი, ზუსტად იმ დროს, როდესაც 105 წლის წინ, ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოეწერა, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო