პუტინმა დაგვაყვედრა ის „სიკეთე“, რომელიც რუსულ ტურიზმს მოაქვს საქართველოსთვის, - ასე შეაფასა მოძრაობა „თავისუფლებისთვის - წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება საქართველოსთან ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენის შესახებ.
როგორც ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, პუტინმა „ჩაუშვა“ „ქართული ოცნება“, რომ მათ შეიყვანეს შეცდომაში, თორემ პუტინი არ აპირებდა საქართველოსთან ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
„ჩვენ ვნახეთ, რომ პუტინი არცთუ ისე ცალ ფეხზე ხტუნაობას სთხოვს ჩვენს ხელისუფლებას. პუტინმა დაგვაყვედრა ის „სიკეთე“, რომელიც რუსულ ტურიზმს მოაქვს საქართველოსთვის. მიგვიჩინა ადგილი და გვითხრა, რომ თუ კარგად მოვიქცევით, აუზში წყალს ჩაგვისხამს.
დიდი ხანია ვიცით, რომ რუსეთი ჩვენი გზა არ არის, ეს გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა მიიღო. ბევრი გაჭირვება გამოვიარეთ იმისათვის, რომ გავსულიყავით იმ ფინიშზე, რასაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და ნატო-ში გაწევრიანება ჰქვია.
ფაქტობრივად, პუტინმა „ჩაუშვა“ არსებული რუსული ოცნება, რომ მათ შეიყვანეს შეცდომაში, თორემ ის არ აპირებდა ამ ნაბიჯის გადადგმას“,- განაცხადა ბარბაქაძემ.
ამასთან, მან შეაფასა პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადებები.
ბარბაქაძის თქმით, ზურაბიშვილი დასავლელი პარტნიორების დასანახად გაემიჯნა ხელისუფლებას, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მისგან უნდა ველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს.
„პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში კოლაბორაციონიზმია. კოლაბორაციონიზმის ჭაობშია ჩაფლული საკანონმდებლო ორგანო და აღმასრულებელი ხელისუფლება. პრეზიდენტი გაემიჯნა კოლაბორაციონიზმს და დაგმო კიდევაც. ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს არის გზა დაღუპვისკენ, გზა სუვერენიტეტის დაკარგვისკენ... პრეზიდენტის განცხადებაში მთავარი მახვილი იყო ეს. საფრანგეთში გაზრდილმა, ფრანგული დიპლომატიის წარმომადგენელმა საფრანგეთის ისტორიიდან ძალიან კარგად იცის რა არის კოლაბორაციონიზმი.
მე არ ვამბობ, რომ ზურაბიშვილი ამით ოპოზიციის ლიდერი გახდა ან მისი ამოცანაა კოლაბორაციონიზმის დასრულება. არა, ის დასავლელი პარტნიორების დასანახად გაემიჯნა და დაგმო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოველოდოთ ზურაბიშვილისგან რამე კონკრეტულ ნაბიჯს ან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, ან ნიკა გვარამიას, ან კონკრეტული ქმედებით დაამტკიცოს, რომ ის კოლაბორაციონიზმს ებრძვის და მზად არის საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციის გაუმჯობესებისათვის, ჩვენ ამას ვერ ვნახავთ. ზურაბიშვილი ემზადება იმისათვის, რომ როდესაც საფრანგეთში დაბრუნდება, ჰქონდეს საბუთი, რომ ის კოლაბორაციონიზმს გაემიჯნა“,- განაცხადა აკია ბარბაქაძემ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ვიზების გაუქმების შემდეგ მას საქართველოს რეაქცია გაუკვირდა.
„ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა „აი, მადლობა, კარგია.” არა, იქ სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ამ საკითხზე. ძალიან გასაკვირია. უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელად. გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია.
მეგონა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დასვა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა პუტინმა.