საქართველოსა და ევროკავშირს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის (ITF) მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გაიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტერიალში 80-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით, 1400 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
„წლევანდელი სამიტის ძირითადი თემა იყო „ტრანსპორტი, რომელიც ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკებს".
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტვირთბრუნვა საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანში, რაც, ძირითადად, განაპირობა რეგიონში შექმნილმა მდგომარეობამ.
გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ადგილობრივი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რათა ამ გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს.
მან ყურადღება გაამახვილა ცალკეულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, ფოთის პორტების გამტარუნარიანობის ზრდაზე, რკინიგზის მოდერნიზაციასა და სხვ, რომელთა მეშვეობითაც მომდევნო წლებში საქართველო შეძლებს ევროპისა და აზიას შორის არსებული ტვირთბრუნვის მდგრად მომსახურებას.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ამ კონტექსტში, განსაკუთრებულ ადგილს იჭერს თანამშრომლობის გაღრმავება და ჰარმონიზაცია საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების სატრანსპორტო სისტემებს შორის, რათა სატვირთო ნაკადებმა ევროპასა და აზიას შორის, საქართველოზე გამავალი მარშრუტის მეშვეობით, შეფერხებების გარეშე იმოძრაონ. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირის პორტებს შორის რეგულარული საზღვაო მიმოსვლის მნიშვნელობას, რაც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში საერთაშორისო სატვირთო ნაკადების რაოდენობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
გურამ გურამიშვილმა ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა თანამშრომლობის გაზრდას სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში და აღნიშნა, რომ საქართველოში რეგისტრირებულ უფრო მეტ სატრანსპორტო კომპანიას უნდა ჰქონდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა.
2023 წლის სამიტზე საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც სამთავრობო, ასევე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ბიზნესის წარმომადგენლებთან. მათ შორის, საქართველოს დელეგაცია შეხვდა რუმინეთის, მონღოლეთისა და ლატვიის სამთავრობო სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.