სამების ტაძარში პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ალექსანდრე ლომთათიძის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, საზოგადოების წევრებმ.
„ალექსანდრე ლომთათიძე 1912 წელს, პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. 1913 წელსვე დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა პედაგოგად. 1917 წლის მარტში ის მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 წლის ნოემბრიდან ლომთათიძე იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იგი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1919 წლის თებერვალში ის აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ. 1919 წელს, ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ.
1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ იგი არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 13 ივლისს იგი დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გადაასახლეს. საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ, ალექსანდრე ლომთათიძე კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და მოათავსეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. დაკრძალეს იქვე, ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე“,- აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

























