გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, პროგრამის მიზანია, რომ მაღალმთიან დასახლებებში, სადაც ეკონომიკური აქტივობა შედარებით დაბალია, კერძო სექტორის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელი შეუწყონ.
„პროგრამა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ დასახლებებში განხორციელდება და ითვალისწინებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით თანადაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც გადამამუშავებელი საწარმოები, შემნახველი მეურნეობები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები და სხვა ნებისმიერი ბიზნეს იდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და ეს გამონაკლისები პროგრამაში არის გაწერილი. მაგალითად: სამშენებლო საქმიანობა, დეველოპერული საქმიანობა, სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო მომსახურება ა.შ. ასევე, პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოება, ესეც გამონაკლისებშია, ვინაიდან ჩვენ სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ვაფინანსებთ ამ მიმართულებას და ყველას შეუძლია ამ პროგრამებით სარგებლობა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც შამუგიამ განმარტა, აღნიშნულ პროგრამაზე სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევრიდან განაცხადების მიღება დაიწყება.
„რაც შეეხება დაფინანსების პირობებს, თანადაფინანსება გრანტი სახელმწიფოს მხრიდან ერთ ბენეფიციარზე არა უმეტეს 100 000 ლარისა იქნება და პროექტის ჯამური ღირებულების არა უმეტეს 50%-სა. აქ ჩვენ ასევე დამატებითი სარგებელი ახალგაზრდებისთვის გვექნება და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისთვის, რომლებიც 50%-ს ნაცვლად 60%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ. პროექტი, რომელიც დაფინანსდება. მისი ჯამური ღირებულება 500 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
რაც შეეხება ბიუჯეტს, ამ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 5 მლნ. ლარის ოდენობით. სოფლის განვითარების სააგენტო უახლოეს პერიოდში შესაბამის პროცედურებს დაამტკიცებს და სავარაუდოდ ივნისის მეორე ნახევრიდან ჩვენ ამ პროგრამაზე უკვე განაცხადების მიღებას დავიწყებთ. ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს მაღალმთიან დასახლებებში სხვადასხვა საქმიანობის წამოწყებას, მათ შორის, ახალგაზრდების ჩართულობას გაზრდის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"