„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები, ლაშა კალანდაძე და ნიკა გულუა ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის დავასთან დაკავშირებით ინფორმაცის ავრცელებენ.
კერძოდ, განცხადებაში საუბარია სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
განცხადებაშია ნათქვამია, რომ სინგაპურის სასამართლომ მოპასუხეს დაავალა დაკისრებული თანხის წინასწარი განთავსება, მოსარჩელეთა მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
„საერთაშორისო (Bloomberg, The Wall Street Journal, Financial Times, Radio Free Europe, Forbes და სხვა) და ქართული მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
დაინტერესებული პირების/საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით წარმოგიდგენთ დეტალებს ბიძინა ივანიშვილი vs Credit Suisse საქმეებთან დაკავშირებით.
სინგაპურში მიმდინარე სამოქალაქო დავა სინგაპურის სასამართლოს 2023 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით Credit Suisse Trust Limited-ს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება, 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლომ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ Credit Suisse Trust Limited-მა (მოპასუხე) დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, დაეცვა მოსარჩელეთა აქტივები, რითაც მათ მიაყენა ზიანი.
უნდა აღინიშნოს, რომ სინგაპურის სასამართლომ მოპასუხეს დაავალა დაკისრებული თანხის წინასწარი განთავსება, მოსარჩელეთა მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
სინგაპურის სასამართლომ გადაწყვეტილებაში, აგრეთვე, მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ 926 მილიონ აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს ბანკის მიერ მორიგების საფუძველზე მოსარჩელეებისთვის გადახდილი დაახლოებით 79,430,773 მილიონი აშშ დოლარი. დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ აღნიშნული თანხა არის ის, რომელიც ბანკს შვეიცარიის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გადაეხადა და რომლის გადახდაც დაახლობით 3 წლით გაჭიანურდა. როდესაც სინგაპურის სასამართლოს მოსამართლე დაინტერესდა, ინფორმაცია ბანკის მიერ შვეიცარიის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად შეუსრულებლობის შესახებ შეესაბამებოდა თუ არა რეალობას/სინამდვილეს, ბანკმა, როგორც ჩანს, იგრძნო საფრთხე, რომ აღნიშნულს შეიძლება უარყოფითად ემოქმედა მოსამართლის შინაგან რწმენაზე და გააქტიურა მოლაპარაკების პროცესი და შემდეგ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გადაიხადა აღნიშნული 79,430,773 მილიონი აშშ დოლარი.
სინგაპურის სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მხარეები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი, რომ ბერმუდის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა შესაბამისობაში მოვიდეს სინგაპურის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხასთან, ერთი და იგივე ქმედებისთვის ორმაგი პასუხისმგებლობის დაკისრება რომ იქნეს თავიდან აცილებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნული საკითხის მხედველობაში მიღება საგრძნობ გავლენას ვერ მოახდენს სინგაპურის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ნათქვამია, რომ საქმის მასალების და მხარეთა არგუმენტების ანალიზის საფუძველზე არსებობს მოლოდინი, რომ უცვლელად დარჩება ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.
„როგორც დაინტერესებული პირებისთვის/საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით Credit Suisse-ს/მასთან დაკავშირებულ იურიდულ პირს/ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა.
სასამართლომ მოპასუხეს დაავალა თანხის წინასწარი განთავსება. მოცემული მომენტისთვის თანხა (607 მილიონი აშშ დოლარი) განთავსებული არის კიდეც ე.წ. ესქროუ ანგარიშზე.
ბერმუდის პირველის ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ/მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო ინსტანციაში. საქმის არსებითი განხილვა დასრულდა ზემდგომი ინსტანციაში და გადაწყვეტილება გამოტანილი იქნება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბრამდე.
საქმის მასალების და მხარეთა არგუმენტების ანალიზის საფუძველზე არსებობს მოლოდინი, რომ უცვლელად დარჩება ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ბერმუდისა და სინგაპურის იურისდიქციებში მიმდინარე საქმეების მიხედვით Credit Suisse-ს (მასთან დაკავშირებულ იურიდულ პირებს), თუ გავითვალისწინებთ ადვოკატების ხარჯების ოდენობასაც, დაკისრებული აქვს მილიარდ ნახევარ აშშ დოლარზე მეტის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და დაკავშირებული იურიდიული პირების სასარგებლოდ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, განცხადებაში საუბარია შვეიცარიაში მიმდინარე სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზეც. როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, სამოქალაქო საქმე ეხება ბანკისთვის თანხის დაკისრებას.
„აღნიშნული მოთხოვნა მოიცავს ბანკისთვის იმ თანხების დაკისრებას, რომელიც უკანონო, ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც შვეიცარიის სასამართლოს მიერ არის დადგენილი, დანაშაულებრივი ქმედებით იქნა „მიტაცებული“ და რომელიც არ არის ბერმუდასა და სინგაპურში მიმდინარე დავების მსჯელობის საგანი/ნაწილი. მიმდინარე წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, გარკვეული პროგრესი უნდა იქნეს მიღწეული აღნიშნული მიმართულებითაც.
სისხლის სამართლის საქმეც მიმდინარეობს ბანკის წინააღმდეგ. ერთი კვირის წინ შვეიცარიაში ადვოკატებს მიუვიდათ პროკურორის შეტყობინება, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება გაიხსნა ბანკის წინააღმდეგ, ორგანიზაციული საკითხების მიმართულებით დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო. პროკურორმა ადვოკატებს, აგრეთვე, აცნობა, რომ ბანკის მიმართ ფულის გათეთრების ნაწილში იგეგმებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტა და ადვოკატებს მიეცათ ვადა პოზიციების წარსადგენად.
ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ ბანკის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ფულის გათეთრების ნაწილშიც. შესაბამისად, წარდგენილი იქნება შესატყვისი არგუმენტები და ადვოკატების მხრიდან აღნიშნული საკითხი, საჭიროების შემთხვევაში, გახდება კიდეც სასამართლოს მსჯელობის საგანი. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტა, მოცემულ საქმეში, ეწინააღმდეგება შვეიცარიის სასამართლო პრაქტიკას და, თუ სასამართლოს მოუწევს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა, წარმატების შანსი, რომ სისხლის სამართლის საქმეს მიეცეს მსვლელობა ბანკის წინააღდეგ ფულის გათეთრების ნაწილშიც, არის საკმაოდ მაღალი“,- აღნიშნავენ ადვოკატები.
ამასთან, განმარტავენ, რომ Credit Suisse-ის ტრასტი აჭიანურებს ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტას, ტრასტის დაშლასა და აქტივების ბენეფიაციარების სურვილების შესაბამისად განაწილებას.
„და ბოლოს, წარმოგიდგენთ ინფორმაციას Credit Suisse-ის უკანონო და, როგორც ერთხელ უკვე ითქვა, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ ფულად სახსრებთან და აქტივებთან დაკავშირებით.
როგორც დაინტერესებული პირებისთვის/საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ბანკის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი Credit Suisse-დან გადატანილი იქნა სხვა შვეიცარულ ბანკში (Julius Baer), თუმცა აქტივების მმართველად დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე.
ტრასტმა 2022 წლის მარტიდან შეცვალა დამოკიდებულება თავისი ვალდებულების შესრულების მიმართულებით: შექმნა დაბრკოლებები და შეუზღუდა ბენეფიციარებს აქტივებთან წვდომა. თავდაპირველად ვალდებულების შეუსრულებლობა ახსნა მიზეზით: „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“. შემდეგ კი სხვადასხვა ხელოვნური ბარიერით შეეცადა ვალდებულების შესრულების თავის არიდებას.
არსებული მდომარეობიდან დარჩა ერთადერთი გამოსავალი, ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტა და ტრასტის დაშლა, თუმცა Credit Suisse-ის ტრასტი, მოცემულ შემთხვევაშიც, შეეცადა გამოგონილი ბარიერით საკითხის გაჭიანურებას. კერძოდ, ტრასტმა მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ტრასტის დაშლა ეწინააღმდეგებოდა თუ არა არასრულწლოვნების და მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარისთვის განჭვრეტადი იყო სასამართლო გადაწყვეტილების შედეგი, მაინც გახდა საჭირო მისთვის მიმართვა. Credit Suisse-ის ტრასტი მაქსიმალურად შეეცედა გაეჭიანურებინა სასამართლო პროცედურებიც. ფაქტიურად, ერთი წლის თავზე დადგა ის შედეგი, რომელიც თავიდანვე პროგნოზირებადი იყო და რომლის სასამართლოში განსახილველად მხოლოდ ერთი სხდომა იყოს საჭირო; ერთ სხდომაში მოხდა კიდეც მისი განხილვა.
გენზის კუნძულის სასამართლომ 2023 წლის 24 მარტს მიიღო გადაწყვეტილება არასრულწლოვნებისა და მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების სასარგებლოდ ტრასტის დაშლის თაობაზე. მიუხედავად ამისა, Credit Suisse-ის ტრასტი აჭიანურებს ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტას, ტრასტის დაშლასა და აქტივების ბენეფიციარების სურვილების შესაბამისად განაწილებას. საქმეში ჩართულ ყველა ადვოკატს უჭირს სამართლებრივი ახსნა მოუძებნოს იმ გამოგონილ მიზეზებს, რომელსაც ბანკის ტრასტი იყენებს ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების გაჭიანურების მიზნით. მათი აზრითაც, ბანკის ტრასტის მიზეზები სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება; იუმორის ჟანრში გადადის. დღევანდელი მოცემულობით, ბანკის ტრასტი აბრკოლებს ბენეფიაციარების წვდომას აქტივებთან, თუმცა, ადვოკატები ვფიქრობთ, რომ მათ ფანტაზიებს, მიზეზების შეთხზვის თვალსაზრისით, ექნება საზღვარი და ბანკის ტრასტს მაინც მოუწევ ტრასტის დაშლაც და აქტივების განაწილებაც. სხვათაშორის, ხელშეკრულებაც ტრასტის დაშლის შესახებ და აქტივების განაწილების თაობაზე რეზოლუციის ტექსტიც შეთანხმებული არის მხარეებს შორის.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა არ გახდება საჭირო. ბანკის ტრასტი უკვე შეთანხმებულ დოკუმენტებს ხელს მოაწერს და გამოსცემს რეზოლუციას აქტივების განაწილების შესახებ. აღნიშნულით კი აღსდგება შეუზღუდავი წვდომა აქტივებთან, იმ აქტივებთან, რომელთანაც წვდომა შეზღუდული არის 2022 წლის მარტიდან: როგორც Credit Suisse-ის ტრასტი ამბობს, „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან“,- აღნიშნულია განცხადებაში.