ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. პარტნიორობის არსებული ფორმების კიდევ უფრო გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და სან დიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ადელა დე ლა ტორემ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე, ხელი მოეწერა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადმოცემის დოკუმენტს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმის საფუძველზე იგეგმება პროგრამების განვითარება-შემუშავება ქართველი მეცნიერების კვლევითი შესაძლებლობების გასაზრდელად და საერთაშორისო სტანდარტებთან დასაახლოებლად, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სასწავლო პროგრამების ჩათვლით; ახალ და არსებულ ერთობლივ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კვლევით პროექტებთან დაკავშირებით თანამშრომლობა; მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო საქმის და მათემატიკის (STEM), ზოგადი განათლების და სკოლამდელი განათლების მიმართულებით თანამშრომლობა; აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მობილობა მოკლევადიანი პროექტებით, საზაფხულო სკოლებით, ტრენინგებით, გადამზადების კურსებით და კვლევითი თანამშრომლობით; STEM-ის მიმართულებით თსუ-სა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმაგი დიპლომის პროგრამის მომზადება და განხორციელება; თსუ-ს ქართულენოვანი ქიმიის პროგრამისათვის ამერიკის ქიმიის ასოციაციის აღიარების მოპოვების მიზნით თანამშრომლობა; თანამშრომლობა სადოქტორო პროგრამებზე და ერთობლივი ხელმძღვანელობისათვის ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვისათვის.
„სწორედ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორიების აღჭურვა მოხერხდა, როგორც ქიმიის, ასევე ფიზიკის მიმართულებით. ლაბორატორიები უნიკალურია და რეგიონში არის ერთ-ერთი საუკეთესო. ეს პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული სწავლებასთან, სტუდენტების განათლებასთან. დღეს ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ იმ თანამედროვე პირობებს სწავლისათვის, რაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებშია. უნივერსიტეტის როლია, ის ბაზა, რაც უკვე არსებობს, კიდევ უფრო განვავითაროთ, და ის თანამშრომლობა, რომელიც დაწყებულია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, კიდევ უფრო გაფართოვდეს“, - აღნიშნა თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
„თსუ-ს რექტორმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ადელა დე ლა ტორესთან, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანთან ჰალილ გუვენთან, თსუ კანცლერთან ლაშა საღინაძესთან, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან რამაზ ხომერიკთან ერთად დაათვალიერეს თსუ მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტექნიკური განყოფილება, რომელიც ემსახურება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გარემონტებულ და აღჭურვილ ქიმიურ ლაბორატორიებს და უზრუნველყოფს უწყვეტი ელექტროენერგიით (გენერატორები, უწყვეტი კვების სისტემები), ჰაერის კონდიცირებით, გამწოვი სისტემებით, ჰაერის კომპრესორებით და ვაკუუმ სისტემებით სხვადასხვა ხელსაწყოებისთვის. მათ ასევე, დაათვალიერეს ქიმიის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ქიმიური ანალიზის ხელსაწყოებით და ემსახურება როგორც სასწავლო, ისე კვლევით მიზნებს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.