საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ფრანკფურტის გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, IMEX Frankfurt 2023-ს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად ბიუროს წევრი 10 კომპანია დაესწრო.
გამოფენაზე წარმოდგენილი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იყო.
„საქმიანი ტურიზმის სფეროში მსოფლიოში წამყვან ტურისტულ გამოფენაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პოტენციური პარტნიორებისთვის პრეზენტაციები მოაწყო. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით შეხვედრები გაიმართა 42 საერთაშორისო კომპანიისა და ასოციაციის წარმომადგენელთან. IMEX Frankfurt 2023-ის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში უცხოური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს შესახებ ინფორმაციას და საპრომოციო მასალებს გაეცნენ. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























