სტოკჰოლმში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა

28 და 29 მაისს, სტოკჰოლმში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა, რომლებიც შვედეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდს დაემთხვა. ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიებების ორგანიზატორები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, 28 მაისს, საქართველოს კულტურის და სპორტის და საგარეო საქმეთა სამინისტროების მხარდაჭერით, ასევე, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სტოკჰოლმის მთავარ საკონცერტო დარბაზში ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის „ბასიანის“ კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა.

„კონცერტს ესწრებოდნენ შვედეთის მთავრობის და პარლამენტის წევრები, კულტურის და საზოგადო მოღვაწეები და შვედეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. შესრულდა ქართული ხალხური და თანამედროვე სიმღერები, რამაც დამსწრე აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. 29 მაისს, საელჩოს ძალისხმევით, სტოკჰოლმის ცნობილ ისტორიულ შენობაში, ღია ცის ქვეშ, გაიმართა საზეიმო მიღება. სტუმრებს შორის იყვნენ შვედეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, შოუ-ბიზნესისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა და შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, არონ ემილსონმა მიმართეს, რომლებმაც საქართველოსა და შვედეთის ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ანსაბლ „ბასიანის“ მომღერლებმა, ხოლო შვედეთის ჰიმნი ადგილობრივმა ჯგუფმა „რილტონის მეგობრებმა“ შეასრულეს. მიღებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ხალხური სიმღერები. ასევე, შვედეთში მოქმედი ცეკვის ბავშვთა ანსამბლმა ქართული ცეკვა წარმოადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა