„ჯეოქეისს“ მრჩევლის რანგში ელჩი თედო ჯაფარიძე შეუერთდა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ ორგანიზაციას მრჩევლის რანგში ელჩი თედო ჯაფარიძე შეუერთდა.

ინფორმაციას "ჯეოქეისი" ავრცელებს.

ელჩ თედო ჯაფარიძეს საჯარო სამსახურში მუშაობისა და დიპლომატიის სფეროში გამორჩეული გამოცდილება გააჩნია. 2012-2016 წლებში, ეკავა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ასევე, გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი (2016-2018 წწ.). 2019-2021 წლებში, იყო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თავმჯდომარის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 1992-1994 წლებში კი გახლდათ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის/უსაფრთხოების საკითხებში. 1994-2002 წლებში იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში. 2002 წელს დაიკავა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობა, ხოლო 2004 წელს გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2006-2007 წლებში, ვაშინგტონში, იყო ვუდრო უილსონის საჯარო პოლიტიკის სკოლის მკვლევარი. მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის ეკავა ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის პრეზიდენტის (ბაქო, აზერბაიჯანი) და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივნის (სტამბოლი, თურქეთი) თანამდებობები. ამჟამად ელჩი თედო ჯაფარიძე საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის კვლევითი ცენტრის თავმჯდომარეა.

ელჩი ჯაფარიძის პროფესიონალიზმი, გლობალური გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მისი ღრმა ცოდნა, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საჯარო პოლიტიკის სფეროებში მიღებულ დიდ გამოცდილებასთან ერთად, ფასდაუდებელი შენაძენია „ჯეოქეისისათვის“ ორგანიზაციის ზრდისა და განვითარების გზაზე.

„უდავოა, რომ ბატონი თედო ჯაფარიძის საფუძვლიანი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით, მისი სტრატეგიული აზროვნება და დიპლომატიური უნარები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ანალიტიკური ცენტრის კომპეტენციას. მოხარულები ვართ მისი შემოერთების, მადლობა მას ამისათვის და გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეტად პროდუქტიული იქნება“, - აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის