ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა, საერთაშორისო პლატფორმები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმას ასრულებს.
„გულწრფელად ვამბობ, თუ ვინმე იმსახურებდა აღნიშნული სტატუსის მიღებას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ ყველა კომპონენტში, ყველანაირი თვალსაზრისით, წინ ვართ ყველა იმ ქვეყანაზე, ვისაც მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. დაგვიწესეს 12 პუნქტიანი გეგმა? კი ბატონო, მზად ვართ, ვასრულებთ ამ გეგმას და მინდა ყველას მოვუწოდო, ვისაც შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო პლატფორმები გამოყენებული იყოს ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,“ - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომ იმას გააკეთებს, რასაც საჭიროდ თვლის, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
„პოლიტპატიმრები შეწყალებას რაც შეეხება - პირველი დავიწყებ იქიდან, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. არსებობენ კონკრეტული დამნაშავეები, რომლებსაც დანაშაული აქვთ სხვადასხვა მიმართულებით. პოლიტპატიმრების თემა 2012 წელს დამთავრდა, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებში. განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები ქვეყანაში არ იდევნებიან. ამ მიმართულებით გვაქვს სრული დემოკრატია და სრული თავისუფლება,“ - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში მიმართვის დროს განაცხადა: „პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი წნეხისგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ და მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ და ჩემი კონსტიტუციური ვეტოს გამოყენებით, იმ კანონმდებლობის თვალსაზრისით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს“.