საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „გლოვოაფფ ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა - საკითხი ეხებოდა ეკა გამრეკლიძის და ვეფხვია ცერცვაძის განცხადებებს "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება შემდეგი ღონისძიებები განახორციელოს: კომპანიის შიდა პოლიტიკა შეცვალოს, კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა; ინფორმაცია მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს. მათ შორის, იმ მოვაჭრეების შესახებ ინფორმაცია, ვისი საქონელიც ვებგვერდზე www.glovoapp.com და მობილურ აპლიკაციაში იყიდება; უზრუნველყოს სარეალიზაციო ვებგვერდზე/აპლიკაციაში განთავსებულ საქონელსა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება.
„გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 4 (ოთხი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.
ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის აპრილის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 213 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 135 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 6 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე - 35 შეთანხმება გააფორმა. 22 საქმეზე გაფორმებულ 19 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი - 22 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.