ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი, ჩვენზე ძალიან უყვარს საქართველო? შენ მიხედე შენს საქმეს, რა! თუ არ გინდათ ჩვენი მიღება გვითხარით, თუ არადა, კანდიდატობა რამეა? სიმბოლოა, მაგრამ საქართველოში ლამის ორჯერ რევოლუცია მოაწყვეს - საერთოდ არ მინდა დაყვედრებული არაფერი. ჩვენ გავხდეთ ისეთი ძლიერები, აქეთ შეგვეხვეწონ მერე, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები, პირიქით, საზოგადოებაში პოლარიზაციას აჩენენ.
მეუფე იაკობის თქმით, „დღეს ჩვენი სინოდი ძალიან ძლიერია და არავის არ ჰქონდეს იმედი, რომ ვიღაცას ჩვენს ქვეყანას დავაჩაგვრინებთ“.
„ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი, ჩვენზე ძალიან უყვარს საქართველო? შენ მიხედე შენს საქმეს, რა. თუ არ გინდათ ჩვენი მიღება გვითხარით, თუ არადა, კანდიდატობა რამეა? - სიმბოლოა, მაგრამ საქართველოში ლამის ორჯერ რევოლუცია მოაწყვეს. პირიქით, ხალხის პოლარიზაციას აკეთებენ. მიმიღე და ერთმანეთს ხომ ვეღარ ეტყვიან, „რუსი ხარ, რუსი ხარ“. რას მატყუებ რა? შენზე მეტი ჭკუაც მაქვს და შენზე მეტიც გვინახავს ჩვენს ერს. სამი ათასი წლის ერი ვართ, ვიღაცა კი არ ვარ. ყველა იმპერიამ ჩვენზე გადაიარა, მაგრამ ისევ წელში გამართულები ვართ. სიმართლეს გეტყვით, მე ძალიან ბევრი რამ მომწონს დასავლეთში. არის რაღაცები, რასაც არც მივიღებ და ვერც მიმაღებინებენ. ღვთის საწინააღმდეგო რაც არ არის, იმას ყველაფერს მივიღებ, მაგრამ ღვთის საწინააღმდეგო რაც არის, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, არა! ...იცოდნენ, ძალიან მკაცრები ვიქნებით ყველას მიმართ! მიგვიღებენ, მიგვიღებენ და თუ არ გვიღებენ, რევოლუცია ხომ არ უნდა მოვაწყოთ? რატომ არ გვიღებენ მითხარით, რა? რატომ არ უნდა მიგვიღონ? მე ხომ არ ვაბრალებ „ამას მიკეთებ, იმას მიკეთებ“. რატომ არ მიღებ, რა? მე საერთოდ არ მინდა დაყვედრებული არაფერი. ჩვენ გავხდეთ ძლიერები. ნუ ვჭამთ ერთმანეთს. ჩვენ გავხდეთ ისეთი ძლიერები, აქეთ შეგვეხვეწონ მერე. ცოტა გადავხედოთ ჩვენს თავს, ცოტა სხვანაირები გავხდეთ და უცხოელებსაც ყველამ მოვთხოვოთ, რომ ვინც ვართ, ისე მოგვექცნენ და არა ისე, ვიღაცა ჭორიკნები რომ დარბიან, პოლიტიკოსები რომ ჰქვიათ და იმათ ჭკუაზე რომ დადიან,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ამასთან, როგორც მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას არ შეეგუება.
„საქართველო არ შეეგუება რამის დაკარგვას. არავინ არაფერს ისე არ დაგვიბრუნებს ჩვენ მაგრამ, ჩვენ უნდა ვანახოთ აფხაზებს, ჩვენს ძმებს, ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს, ჩვენს ოს ძმებს, შიგნით როგორი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ წლები ერთმანეთის ჭამა, როგორ გინდა რომ ისინი შენთან შემოვიდნენ? ისე რატომ უნდა ვიქცეოდეთ, რომ იმ დამპყრობელ რუსთან ყოფნა ერჩივნოთ, ვიდრე ჩვენთან?“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.