შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ UNFPA-სთან თანამშრომლობით, ტრადიციულად, პირველ ივნისს, საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანია ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგაა მიმართული.

„კამპანიის უმთავრეს მიზნებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების აღმოფხვრა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ასევე, ამ კატეგორიის დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა წარმოადგენს. კამპანია, უკვე მეოთხე წელია, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით ხორციელდება.

კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.

ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში, ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ პრევენციისა და ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა, მაკა ფერაძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა, ლონდა ბიჭიკაშვილმა, გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იყვნენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა შეხვედრაზე წარადგინა პრეზენტაცია და სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია კამპანიის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. გარდა ამისა, გახსნით ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომზადებული ვიდეორგოლი.

ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის და გამოვლენილ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, ყოველდღიურ რეჟიმში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სწავლობს ბავშვთან ქორწინების შესაძლო მოტივით ჩადენილ შემთხვევებს. სწორედ მონიტორინგის ეტაპზე გამოვლენილი გამოწვევები წარმოადგენს სხვადასხვა თემატური აქტივობების დაგეგმვის საფუძველს.

საინფორმაციო კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს არაერთ ღონისძიებას, მათ შორის, დაგეგმილია, საინფორმაციო პოსტერების განთავსება საქართველოში არსებულ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები არაერთ რეგიონში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან გამართავენ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს.

კამპანიის ფარგლებში, დაიბეჭდა საინფორმაციო პოსტერები, ასევე, დამზადდა მაისურები, ჩანთები და სხვა ბრენდირებული მასალები, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას მიეწოდებათ სკოლის ადმინისტრაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. კამპანიის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება ნახატების კონკურსი.

აღნიშნული კამპანია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს