ლევან დავითაშვილი შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

ლევან დავითაშვილი შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრ ელენა ბუდლიგერს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში ასევე მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი მონაწილეობდნენ.

„შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პოზიტიურ გავლენას ორმხრივ ვაჭრობაზე. აღინიშნა, რომ 2022 წელს სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის 30%-ით, ხოლო ექსპორტი 21%-ით გაიზარდა. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან თანამშრომლობაზე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. განხილულ იქნა აღნიშნული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე საუბარი წარიმართა ნაყოფიერ ურთიერთობებზე განათლების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის და სხვა სექტორებში. განსაკუთრებით დადებითად შეფასდა თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი ტურიზმის მიმართულებით, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი ავიაფრენების განახლების მნიშვნელობას ბიზნეს-კავშირების განვითარებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

შეხვედრას ასევე, შვეიცარიიდან ბიზნესსექტორის მოწინავე წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიტიურ გამოცდილებაზე ვრცლად ისაუბრეს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.