„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლო დეზინფორმაციას უწოდებს და განმარტავს, რომ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს.
„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ადგილი აქვს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას. კომპანია ადასტურებს, რომ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. ხარისხის კონტროლს “ჯივიპის” ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.
სასმელი წყლის ხარისხი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სრულად აკმაყოფილებს როგორც ეროვნული რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებსა და ევრო რეგულაციებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალაღება ხდება სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან, რომელთაც ზედამხედველობას კომპანია უწევს. მოპოვებული ნედლი წყლის დამუშავება ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე) განთავსებულ ჯივიპის ლაბორატორიებში მიმდინარეობს. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი ასევე ხორციელდება ქალაქის წყალსადენის გამანაწილებელი ქსელის 404 წერტილში.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად.
სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია საერთაშორისო სტანდარტით დაწესებული ნორმების შესაბამისად, რასაც კომპანიის მიერ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მიწოდებული სასმელი წყალი მუდმივად აკმაყოფილებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.