ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, პროკურატურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ სოციალური მომსახურების ცენტრს ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურის თანამშრომელთა სახელით, ცენტრს საკანცელარიო და ოთახის აქსესუარები, ასევე რბილი სათამაშოები და ბავშვის განვითარებისთვის საჭირო სხვა ნივთები გადაეცა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნათია მერებაშვილმა, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსს, ინდირა რობაქიძეს ცენტრში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების ჩატარების პრაქტიკაზე, შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.
„საქართველოს პროკურატურა, მართლმსაჯულების პროცესში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, ცენტრთან აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.