ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში ღონისძიება „ჩემი საპარლამენტო თავგადასავალი 2023" გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით-გასართობი აქტივობა მოეწყო.
ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ასევე, სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ახალგაზრდებისთვის საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავების მიმართულებით გეგმავს.
„მიხარია, რომ თქვენი მასპინძლები ვართ დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში. მიხარია, რომ ჩვენთან ხართ და ასე გააფერადეთ, გაალამაზეთ პარლამენტის საქმიანი გარემო. მიხარია, რომ საქმე, რომელიც პარლამენტმა გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად დაიწყო და ეხებოდა სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში პარლამენტთან, საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავებას, წარმატებით ინერგება ჩვენს სკოლებში. მინდა მადლობა გადავუხადო განათლების და მეცნიერების კომიტეტს, რომელიც დღევანდელი დღის აღნიშვნის და ღონისძიების გამართვის ინიციატორია. იმედი მაქვს, საინტერესო დღე გქონდათ პარლამენტში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალგაზრდებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა პარლამენტის მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მომზადებულ პროექტზე, რომელიც სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ სწავლებას გულისხმობს.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოს - „რა ვიცით პარლამენტის შესახებ" სწავლება საპილოტე სკოლებში წარმატებით მიმდინარეობს.
„განათლება, რომელსაც თქვენ იღებთ, არის იმ დემოკრატიის საწინდარი, რომლითაც ჩვენი ქვეყანა შენდება, რომელიც ადამიანის უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე არის დაფუძნებული. თქვენი კეთილდღეობა, წინსვლა და წარმატება ეს არის ის მთავარი მიზანი, რომლისთვისაც პარლამენტი და მთელი სახელმწიფო ყოველდღიურად ვზრუნავთ", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმაც მიულოცა. მისი თქმით, რეფორმები, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, ბავშვთა კეთილდღეობაზე არის მიმართული.
„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ხარისხიანი განათლების პარალელურად, თქვენ იყოთ უსაფრთხო გარემოში და ჩამოყალიბდეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად", - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
„ღონისძიების ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარემ სამოქალაქო საზოგადოების დამხმარე სახელმძღვანელოს „რა ვიცით პარლამენტის შესახებ" აქტიური სწავლებისთვის საპილოტე სკოლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა“ , -აღნიშნულია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"