საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების (Martin Ringlein, Luke Kowalski, Tim Wagner, Bill Reichert, Sacha Michaud) მიერაა დაკომპლექტებული.
მათივე ცნობით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 8 თებერვალს მეათედ გამოაცხადა და თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ცხრა რაუნდის ფარგლებში ჯამურად 175 სტარტაპი დაფინანსდა. შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.
GITA-მ გამარჯვებული სტარტაპების სია და მათ შესახებ ინფორმაციაც გამოაქვეყნა.
„Wowchy - ჩუქების ვებ პლატფორმა, რომლის მიზანია, მოაგვაროს ჩუქებასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც საჩუქრის მაძიებლებისთვის, ასევე პარტნიორ „მერჩანტებს“ გაუზარდოს გაყიდვები.
Botfleet.ai - პლატფორმა, როგორც სერვისი (PaaS) რობოტული პროცესების ავტომატიზაციისთვის (RPA). პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ატვირთონ სკრიპტები, რომლებიც გაეშვება ღრუბლოვან სერვისზე (cloud). სკრიპტების გაშვების დროის არჩევა შესაძლებელია, როგორც კონკრეტულ დროს, ასევე განმეორებითად.
KIKLIKO - კლიპების, გიფებისა და მიმების სოციალური ქსელი, ამასთანავე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის მქონე API.
Tlancer - პროექტი მიზნად ისახავს, შექმნას ულიმიტო საგანმანათლებლო სივრცე მოტივირებული ადამიანებისთვის გლობალური მასშტაბით, სადაც მათ საშუალება ექნებათ, შეისწავლონ მათთვის საინტერესო კურსები, სახლიდან გაუსვლელად. Indie - სვაიპზე დაფუძნებული აპლიკაცია მსახიობებისთვის, რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ თავიანთ ქალაქებში არსებული როლების პოვნა სატელევიზიო შოუებში, რეკლამებსა და მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმებში.
Coinswap.ge - ახალი მოთამაშე კრიპტოვალუტის ბირჟის ბაზარზე, რომელიც გთავაზობთ საიმედო და უსაფრთხო გაცვლის გამოცდილებას საქართველოსთვის, კავკასიის რეგიონში სწრაფად განვითარებად ქვეყანაში.
Artisio - საუკეთესო აუქციონის პროგრამული გადაწყვეტა ბაზარზე, რომელიც ციფრულს ხდის აუქციონის ინდუსტრიას და ეხმარება აუქციონის კომპანიებს გაამარტივონ თავიანთი პროცესები და დააჩქარონ ზრდა კლიენტისა და ინვენტარის უკეთესი მენეჯმენტის, ონლაინ ვაჭრობისა და მესამე მხარის უწყვეტი ინტეგრაციის გზით.
Pseudo-Proteins - Polymer Solutions არის თბილისში დაფუძნებული კომპანია, რომელიც აწარმოებს და ახორციელებს ახალი ბიოდეგრადირებადი პოლიმერების ექსპორტს (ამინომჟავაზე დაფუძნებული ბიოდეგრადირებადი პოლიმერის წარმოება, რომლებიც აკმაყოფილებს აპლიკაციის ფართო სპექტრს და სულ უფრო მეტად გამოიყენება სხვადასხვა სექტორებსა და ინდუსტრიაში, როგორიცაა მედიცინა, კოსმეტიკა, ფარმაცევტული წარმოება, სოფლის მეურნეობა და ა.შ). კომპანია გეგმავს განაახლოს და გადმოწეროს ახალი დანადგარები.
Tripcamp - გლემპინგების დასაჯავშნი მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მოგზაურები ადვილად პოულობენ ბუნებაში დასასვენებელ განსხვავებულ ადგილებს (სახლი ხეზე, გლამურული კარავი და სხვ). აპლიკაცია ერთმანეთთან აკავშირებს მასპინძლებს, რომლებიც ფლობენ განსხვავებული ტიპის გლემპინგ საცხოვრებლებს და სტუმრებს, რომელთაც უყვართ ბუნებაში დასვენება და სურთ დაუვიწყარი გამოცდილების შეძენა.
Wempler - პროექტის მიზანია, გახდეს one-stop-shop ნებისმიერი ერთჯერადი დავალებისთვის და სერვისისთვის. აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებლებს შეუძლიათ, დაადელეგირონ ნებისმიერი ტიპის, კატეგორიზირებული და არა კატეგორიზირებული დავალება.
GEPARTS AI - დღესდღეობით ერთი ავტონაწილის მოძიებას საშუალოდ 5 საათი სჭირდება. ამ პროექტის მიზანია, გაამარტივოს და დააჩქაროს მსოფლიოში ავტონაწილების ყიდვის პროცესი. GEPARTS AI დახმარებით, ავტონაწილის მოძიება შესაძლებელია სულ რაღაც 30 წამში.
MedMundus - პროექტის მიზანია, შეიქმნას სტარტაპი, რომელიც დააკავშირებს პაციენტებს სოფლებში, პატარა და დიდ ქალაქებში კვალიფიციურ საერთაშორისო ან ადგილობრივ ექიმებთან. სტარტაპი უზრუნველყოფს ტელემედიცინის პლატფორმას, რომელიც საშუალებას მისცემს ექიმებს, დაადგინონ საკუთარი ფასები და ნებისმიერ დროს გაუწიონ კონსულტაცია პაციენტებს.
iGrove - გემიფიკაციის მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პოპულარულ ქეჟუალ თამაშებს, რომლებშიც მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიმუშაონ ქოინები და გადაცვალონ პარტნიორი კომპანიების შემოთავაზებებში. აიგროვოს მიზანია დაეხმაროს კომპანიებს გემიფიკაციის ინტეგრაციაში და სამიზნე აუდიტორიის სწრაფ მოძიებაში.
Storeal - პროექტს აქვს 2 მიზანი: 1. კომპანიებმა / ბრენდებმა შეძლონ ახალ-ახალი user generated content-ის შეძენა; 2. კონტენტ კრეატორებმა შეძლონ თავიანთი საყვარელი ბრენდების გადაღება და ამ კონტენტის ბრენდებისთვის მიყიდვა.
Accounter - აპლიკაცია მცირე მეწარმეებს საქართველოსა და ინდოეთში მისცემს შესაძლებლობას, ბუღალტერის გარეშე შეავსონ დეკლარაციები ავტომატურად.
Happykids - საბავშვო ნივთების „მარკეტფლეისი“, რომელიც მომხმარებელს აძლევს კომფორტულად შოპინგის შესაძლებლობას ერთ სივრცეში, მწარმოებელს კი გაყიდვების არხს შეუზღუდავი არეალით.
Agronnect - პროექტის მიზანია, ონლაინ „მარკეტფლეისის“ მეშვეობით აგრონომიული კონსულტაცია გახადოს ხელმისაწვდომი და საყოველთაო.
Pharmaco - პროექტის მიზანია ფარმაცევტული პროდუქტების უშუალოდ საერთაშორისო საწყობებიდან ყიდვა-გაყიდვის პროცესის ავტომატიზაცია და ფარმაცევტული პროდუქტების ხარჯების შემცირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
Spinom.co - პროექტის მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, რომელიც დაეხმარება კომპანიებს მნიშვნელოვნად გაამარტივონ უცხო ქვეყნის IT ინდუსტრიის წარმომადგენლების onboarding და payment პროცესი.
Alchemists - Candy Crush-ის ტიპის match-three puzzle ჟანრის თამაში Solana-ს ბლოქჩეინზე, სადაც თამაშით არამხოლოდ გართობა, არამედ თანხის გამომუშავებაც არის შესაძლებელი. თამაში იქნება სრულად Skill-based, ანუ დამოკიდებული იქნება მოთამაშის უნარებზე და არა გამართლებაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.