თსუ კალათბურთელებს უნივერსიტეტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდისთვის მიმდინარე წელი წარმატებული აღმოჩნდა. თსუ-მ მიმდინარე სეზონის ორივე უმაღლესი ტიტული - საქართველოს თასი და სუპერლიგა მოიგო, - ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თსუ კალათბურთელებმა ორივე თასი უნივერსიტეტში მიიტანეს, სადაც ჩემპიონებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ საკალათბურთო კლუბის „თსუ“-ს კალათბურთელები და სამწვრთნელო შტაბი და მენეჯმენტის წარმომადგენლები უნივერსიტეტის მედლებით დააჯილდოვა.

„ჩვენი კალათბურთელების წარმატება საქართველოს თასის მოპოვება და სუპერლიგის მოგება არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს საუნივერსიტეტო სპორტი საქართველოში. ვულოცავ ჩვენს უნივერსიტეტს და სრულიად საქართველოს თსუ-ს ასეთი მნიშვნელოვან გამარჯვებას“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ“ სუპერლიგის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.

„გუნდისთვის ძალიან საინტერესო სეზონი იყო, მოვიგეთ როგორც საქართველოს თასი, ასევე, ეროვნული ჩემპიონატი. ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ეროვნული ჩემპიონობა. მიხარია ყველა იმ ადამიანის ემოცია, ვინც მთელი სეზონის განმავლობაში მხარში გვედგა,“- აღნიშნა თსუ-სა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიქტორ სანიკიძეს თქმით, ფედერაცია ყოველთვის გვერდში დაუდგება ქვეყნის ჩემპიონებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ითამაშონ.

„ძალიან დიდი წვლილი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს კალათბურთის განვითარებაში. უკვე ათწლეულებია გუნდი არსებობს და ეს მონაპოვარი, ეს ჩემპიონობა დიდი შრომის შედეგია, სრულიად დამსახურებულია. გუნდის შემადგენლობაც ძალიან ძლიერი და გამოცდილია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საუნივერსიტეტო გუნდია და სტუდენტები გულშემატკივრობენ. იმედი მაქვს, ამ გამარჯვებით არ დაკმაყოფილდებიან და სხვა წარმატებებისთვისაც იბრძოლებენ. ჩვენი ფედერაცია ყოველთვის გვერდში დაუდგება ჩვენი ქვეყნის ჩემპიონებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ითამაშონ“, - განაცხადა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

თსუ-ს ცნობით, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ სპორტულმა ჟურნალისტებმა, სუპერლიგის მწვრთნელებმა, კომისრებმა და მსაჯებმა თსუ-სა და საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძე დაასახელეს, ხოლო სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ლექსო ლაფანაშვილმა მოიპოვა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს