თბილისის მერიასთან გობრონიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე დაგეგმილი კორპუსების მშენებლობა გააპროტესტეს

მუხიანის მოსახლეობის ნაწილმა თბილისის მერიის წინ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გობრონიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონის ადგილზე კორპუსების შესაძლო მშენებლობას აპროტესტებდა.

აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნულ მშენებლობას ისინი ერთი წელია ფიზიკურად აჩერებენ.

შეკრებილების განცხადებითვე, თბილისის მერიის არცერთი წარმომადგენელი მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილზე არ მისულა. მათი თქმით, საკრებულოს წევრი, კონსტანტინე ზარნაძე მოსახლეობას შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა, თუმცა, „წავიდა და გაქრა მერე“.

აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მოუწოდეს დაინტერესდეს მათი პრობლემით. პროტესტის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის სხვა ფორმებსაც მიმართავენ.

„ეს იქნება მუდმივი აქცია. ბატონ კახი კალაძეს ვთხოვთ, ჩვენი არჩეული მერია, მოგვაქციოს ყურადღება. იმართებოდა 2000 კაციანი აქციები, ეს ერთი წელია უკვე ვიბრძვით, არანაირი შედეგი არ მოჰყვა ამას, მაგრამ ახლა უფრო გავერთიანდებით. სანამ დროა ყურად იღონ და ჩაგთვალონ ადამიანებად. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. შემდეგისთვის გზებსაც აუცილებლად გადავკეტავთ. ჩვენ, ასაკიან ხალხს, კოვიდპანდემიის დროს, ამ სტადიონმა გადაგვატანინა ეს მდგომარეობა და დღეს ცოცხლები ვართ. ბავშვები, რომლებიც დღეს გამოსულები არიან აქციაზე, სულ იმ სტადიონზე იზრდებიან, რატომ გვართმევენ ამ სივრცეს?!“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სტადიონზე, სადაც მშენებლობა იგეგმება, „ძველი ბიჭები“ გამოჩნდნენ, რომელიც მშენებელ კომპანიას ჰყავს დაქირავებული და მათ ფულს უხდის.

„ვიცნობთ ჩვენ იმ ადამიანებს [„ძველ ბიჭებს“], რასაც წარმოადგენენ, ჩვენ არაფერს არ გვიშავებენ, მაგრამ იქ [სტადიონზე] არიან გაბატონებული, ჯიხურები გაიკეთეს, მოიწყვეს ცხოვრება და ასე გვეუბნებიან, ჩვენ გაფორმებულები ვართ ოფიციალურად და აქ უნდა ვიყოთო. როცა რაღაცას ღობავენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას უწევს მოსახლეობა, ასე იქნება ეს ბოლომდე, წინააღმდეგობის დროს ბევრი ადამიანი დაშავდა, მაგრამ არ იყო ამაზე არანაირი რეაგირება“, - დასძინა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დედაქალაქის მერიის წინ, აქციაზე იმყოფებოდა ორგანიზაციის „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი, გიორგი ჯაფარიძეც. მისი თქმით, მუხიანის გარდა, მსგავსი პრობლემა თბილისში კიდევ 5 ადგილასაა.

„მოსახლეობა დაგვემატება სხვადასხვა უბნიდან იმიტომ, რომ მშენებლობის მხრივ, უკვე ამოწურა ამ ქალაქმა თავისი რესურსი. რაც იყო ქალაქ თბილისის მერის დაპირება, რომ საფეხბურთო სტადიონზე, სკვერებზე არ ავაშენებთ კორპუსებსო, ეს დაპირება ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესრულებული არ არის. ამიტომ, როდესაც სახელმწიფო და მერია ვერ იცავს მოსახლეობის უფლებებს, მოსახლეობა დავიცავთ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა