საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გუშინ დაკავებულ პირებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ვადა 48-საათამდე გაუგრძელა.
როგორც ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რატომღაც, დაკავების გახანგრძლივებას მიზანშეწონილად შსს ძირითადად აქტივისტების შემთხვევაში მიიჩნევს.
„გუშინ დაკავებულებს, მათ შორის, ედუარდ მარიკაშვილს და საბა ბრაჭველს შსს-მ დაკავების 24-საათიანი ვადა 48-საათამდე გაუგრძელა. ეს წესი 2 წლის წინ შეიცვალა. პარლამენტმა შსს-ს მისცა უფლება, დაკავების ვადა ერთჯერადად, 24-საათით გაეგრძელებინა. კანონის თანახმად, ეს მხოლოდ მაშინ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შსს ასაბუთებს, რომ დაკავების ვადის გაგრძელება მიზანშეწონილია. თუმცა, რეალობაში, დაკავების ვადის გაგრძელების პრაქტიკა, ისევე როგორც მთლიანად სამართალდარღვევათა კოდექსი, სადამსჯელოდ გამოიყენება, ვიდრე რეალური საჭიროებისთვის. ამას ადასტურებს სტატისტიკაც. მაგალითად, 2023 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი 1994 დაკავებულიდან, დაკავების ვადა გაუხანგრძლივეს 220 პირს. თითქოს ამ სტატისტიკაში უცნაური არაფერია, დაახლოებით 11% -ს გაუხანგრძლივდა დაკავების ვადა. თუმცა, აქ უფრო საინტერესო ისაა, ვისაც გაუხანგრძლივდა, მათგან რამდენი იყო აქტივისტი. ამის ზუსტად თქმა ახლა არ შემიძლია, თუმცა, ეს პერიოდი ემთხვევა მარტის აქციებს და მასშტაბურ დაკავებებს. 7-8 მარტის აქციებზე დაახლოებით 100 ადამიანი იყო დაკავებული, რომელთაგან თითქმის ყველას გაუხანგრძლივდა დაკავების დრო. რატომღაც, დაკავების გახანგრძლივებას მიზანშეწონილად შსს ძირითადად აქტივისტების შემთხვევაში მიიჩნევს“, - წერს ქურდოვანიძე.
ცნობისთვის, ორი დღის წინ პარლამენტის შენობასთან მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს. ბექა გრიგორიადისს სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს და მისი დაკავება დაუმორჩილებლობის გამო მოხდა. მოგვიანებით გრიგორიადისი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. აღნიშნულის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოსთან, გუშინ, კიდევ ერთი აქცია დაიგეგმა, რა დროსაც ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად 7 პირი დააკავეს, მათ შორის ადვოკატი შოთა თუთბერიძე და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. შოთა თუთბერიძე წუხელ გვიან ღამით გაათავისუფლეს, დანარჩენი პირები კი წინასწარ დაკავების იზოლატორში რჩებიან.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"