ადვოკატი - პარლამენტთან დაკავებულების მიმართ პროცედურულ დარღვევებს აქვს ადგილი - დაკავება სრულიად უკანონო და თვითნებური იყო, პოლიცია უფლებამოსილი არ იყო, ადამიანები პროტესტის გამოხატვის გამო დაეკავებინა

პარლამენტთან მიმდინარე აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულები მათმა ადვოკატებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოინახულეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ადვოკატმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტმა ივანე ჩიტაშვილმა განუცხადა, დაკავებულების მიმართ პროცედურულ დარღვევებს აქვს ადგილი.
„ჯამში, 5 დაკავებულს შევხვდი, 3 თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია, 2 - გურჯაანში. რამდენიმე პრობლემას გამოვყოფ, რომელიც საქმეშია. პირველი, ხუთივე მათგანის დაკავება სრულიად უკანონო და თვითნებური იყო, პოლიცია უფლებამოსილი არ იყო, ადამიანები პროტესტის გამოხატვის გამო დაეკავებინა, ამიტომ მათმა დაკავებამ ცალსახად უკანონო სახე მიიღო. მეორე, დაკავებულების უმრავლესობას პროცესუალური გარანტიებით სარგებლობის საშუალება არ მიეცა. ვგულისხმობ, ადვოკატთან შეხვედრის უფლებას. დაკავებულების ნაწილს ოჯახის წევრებთან დაკავშირების საშუალებაც არ მიეცა, რაც პროცესუალური დარღვევაა. მესამე, ეს გახლავთ დაკავების 24-საათიანი ვადის გახანგრძლივება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, პირი დაკავებული შეიძლება იყოს 24-საათის განმავლობაში, მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში, ეს შეიძლება დამატებით 24-საათი გაგრძელდეს, თუმცა, ამას მიზანი უნდა ჰქონდეს და ეს მიზანი მტკიცებულების მოპოვება უნდა იყოს. ჩვენ შემთხვევაში ეს ვადა გახანგრძლივებულია, სასამართლოში გამოჩნდება რა მტკიცებულებებს მოიპოვებენ, მაგრამ თუ წარსულ საქმეებს თვალს გადავავლებთ, უამრავი შემთხვევა იყო იმისა, რომ დაკავებულებს წინასწარი მოთავსების იზოლატორში ყოფნის ვადა უხანგრძლივდებოდათ მტკიცებულების მოპოვების მოტივით, თუმცა, დამატებით 24-საათიან ვადაში არანაირი მტკიცებულება არ იყო მოპოვებული. მეოთხე, ეს ადამიანები ამ დრომდე დაკავებულები არიან, თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ მათი დაკავების საფუძველი არ არსებობდა, მაშინ, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყვნენ. სასამართლო პროცესის დანიშვნას ველოდებით, არ ვიცით, როდის გაიმართება, მაგრამ ყველაზე გვიან, ეს უნდა იყოს ხვალ 23:00 საათამდე.
გურჯაანში გვეუბნებოდნენ, შეგიძლიათ საკვები შეიტანოთო ცოტა ხანშიო და ეს ცოტა ხანი 2 საათი გაგრძელდა. რაც შეეხება თელავს, იქ პირდაპირ გვითხრეს, რომ საკვების შეტანის უფლება არ გვქონდა. ისე არ გვინდა წარმოვაჩინოთ, რომ საკვების მიღების საშუალება მოსპობილი აქვთ. დროებითი მოთავსების იზოლატორი სთავაზობს კვების რაციონს, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სხვა შემთხვევებში დაკავებულები უფლებამოსილი იყვნენ საკვები მიეღოთ მათი მეგობრებისგან, ადვოკატებისგან, ოჯახის წევრებისგან. ისე არ იყოს გაგებული, რომ ჭამა აუკრძალეს“, - განაცხადა ჩიტაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, 2 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავეს, მათი სასამართლო პროცესები სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. პარლამენტთან დააკავეს ასევე, ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ის მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

























