3 ივნისს თბილისში, ქართული სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციისა (GIMPHA) და კავკასიის მედიცინის ცენტრის თანამშრომლობით, საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევექსი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, კონფერენცია მიზნად მსოფლიოს უახლესი სამედიცინო მიღწევების განხილვას, რთული შემთხვევების იდენტიფიცირებასა და ინოვაციების გაცნობას ისახავდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციას ექიმები როგორც საქართველოდან, ასევე - საფრანგეთიდან, სერბეთიდან, ისრაელიდან, ჰოლანდიიდან და უკრაინიდან ესწრებოდნენ.
„გიმფას“ რიგით მე-8 კონფერენციის ფარგლებში 4 პარალელური სესია ჩატარდა. მათ შორის 3 თემატური სესია კავკასიის მედიცინის ცენტრის წამყვანმა ექსპერტებმა წარადგინეს. ესენია, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ერთობლივი სესია კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვლადიმერ წიქარიშვილისა და პროფესორ ზაზა ქაცარავას თავმჯდომარეობით; ონკოლოგიაში პერსონალიზებული მედიცინის სესია ნიდერლანდებში მოღვაწე წამყვანი პათოლოგ-ანატომის, პროფესორ ალექსი ბაიდოშვილის, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ივანე კილაძისა და პროფესორ ირაკლი კოხრეიძის თავმჯდომარეობით; კარდიოვასკულური ქირურგიის დღევანდელი გამოწვევების სესია და ინფექციური დაავადებების სესია.
საერთაშორისო კონფერენცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციაში (GIMPHA) უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ინიციატივით გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.