სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინატორი რობინ ვაგენერი საქართველოს ეწვია

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მოლდოვას რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინატორი, რობინ ვაგენერი 5 ივნისს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვაგენერი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს, ასევე სხვა დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
„საქართველოში მივემგზავრები, რათა მკაფიო გავხადო, რომ გერმანია საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მხარს უჭერს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეს პერსპექტივა რეალობად იქცეს. ამასთან ნათელია, რომ ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის. ჩვენ დავინახეთ, რომ აუცილებელი რეფორმების გატარება არ არის ადვილი და ხანდახან წინააღმდეგობებს აწყდება. ვაღიარებ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად გადადგა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამის შესახებ ვისაუბრებ მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა რობინ ვაგენერმა.

























