საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და მართვის სტრატეგია შეიმუშავა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტს, საჯარო მმართველობის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. თემაზე - „კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და მართვის სტრატეგია“, ვლადიმერ სვანაძემ პროფესორ მარიამ ცაცანაშვილის ხელმძღვანელობით იმუშავა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სადოქტორო ნაშრომში საფუძვლიანადაა განხილული, კიბერუსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის მართვის მიმართულებით კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები მსოფლიოში არსებული საუკეთესო გამოცდილების - ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთის, ესტონეთისა და სამხრეთ კორეის, მაგალითებზე.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მარიამ ცაცანაშვილის თქმით, დოქტორანტმა გამოიკვლია ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიდგომები და კიბერშესაძლებლობები. ასევე, ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოში არსებული ვითარება.

„კვლევის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო კიბერუსაფრთხოების მართვის კონცეპტუალური საფუძვლების შესწავლა, კიბერსივრცის დაცვის საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი და გლობალურ კიბერსივრცეში საქართველოს მონაწილეობის პროცესში საფრთხეების თავიდან აცილების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება. ნაშრომში განხილულია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიები და საკანონმდებლო ბაზა და მოიცავს კიბერდანაშაულის სტატისტიკას, როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კვლევა მოიცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებსა და მიდგომებს როგორც კიბერუსაფრთხოების, ისე ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით. ჩატარებული კვლევების საფუძველზე მომზადდა შესაბამისი დასკვნა და რეკომენდაციები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის“, - აცხადებს მარიამ ცაცანაშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, კვლევის სამეცნიერო სიახლე არის ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე შიდა და გარე ფაქტორების ზემოქმედების სტრუქტურულ - ფუნქციონალური, ნორმატიულ - სამართლებრივი უზრუნველყოფის შეფასება და აღმასრულებელი ხელისუფლების კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტული მართვითი მექანიზმების კომპლექსური ანალიზი. აგრეთვე, საერთაშორისო დონეზე აპრობირებული მოდელების ადაპტაციის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების ოპტიმიზაცია და არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების ლოგიკაზე დაფუძნებული რისკების პროფილაქტიკის სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის ავტორისეული ხედვა, როგორც დარგის აღიარებული ექსპერტის.

„კიბერუსაფრთხოების მიმართულების განვითარება არის ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევა, რადგან საქართველომ უნდა შექმნას ეროვნული კანონმდებლობა, წესრიგში მოიყვანოს და საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს ქვეყნის კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის სისტემისა და ცალკეული სუბიექტების დაცვა, გაზარდოს საერთაშორისო თანამშრომლობა და რისკების შემცირების მიზნით, უნდა მოახდინოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო სისტემის შემუშავება. ყოველივე ეს უნდა განხორციელდეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ნაშრომი საშუალებას იძლევა მოხდეს საქართველოსა და მსოფლიოში არსებული გამოცდილების ერთმანეთთან შედარება, გაკეთდეს ანალიზი და შესაბამისი დასკვნები, მომზადდეს რეკომენდაციები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის სუბიექტებისთვის. წამყვანი ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ კიბერ სივრცის დაცვა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ტექნოლოგიურ მიღწევებზე, რადგან ხშირ შემთხვევაში ახალი ტექნოლოგიები ადვილად მისაწვდომია ჰაკერული ჯგუფებისთვის და დაჯგუფებებისთვის. კიბერუსაფრთხოების სფეროში სულ უფრო დიდი როლი ენიჭება საერთაშორისო და რეგიონალური დონის ურთიერთობებს, გამოცდილების გაზიარებას, კვლევასა და ანალიზს, საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებასა და სათანადო საკანონმდებლო ბაზის არსებობას. აუცილებელია ქვეყანაში გააქტიურდეს ერთიანი მაკოორდინირებელი ორგანოს საქმიანობა, რომელიც კოორდინირებას გაუწევს არსებული სუბიექტების საქმიანობას, მათ ურთიერთობას როგორც ერთმანეთს, ისე კერძო, სამოქალაქო და აკადემიურ სექტორებს შორის. ორგანო იმუშავებს საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და მის მუდმივ განახლებაზე იმის მიხედვით, თუ რა ახალი გამოწვევა წარმოიქმნება. ასევე მაკოორდინირებელი ორგანო პასუხისმგებელი იქნება საგანმანათლებლო საკითხებზე, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე, ინტერნეტის განვითარების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და მის იმპლემენტაციაზე, საერთაშორისო და რეგიონალური ურთიერთობების განვითარებაზე, არსებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მოძიებასა და იმპლემენტაციის პროცესზე, ასევე სამეცნიერო - კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის განვითარებაზე“, - აცხადებს ვლადიმერ სვანაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ვლადიმერ სვანაძე არის „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის (IDI)“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე; საქართველოს კიბერუსაფრთხოების აკადემიის (CSA) დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. კიბერ კვლევების გლობალური ფონდის (GFCYBER) უფროსი ანალიტიკოსი. მის მიერ საქართველოში პირველად შეიქმნა ახალი სასწავლო მოდული „ინტერნეტ მმართველობა და კიბერდიპლომატია“.

„ვლადიმერ სვანაძე ჩართული იყო საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017 – 2018 და 2021 - 2024 წლების ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების საბოლოო ვერსიის მომზადებაში, ასევე მონაწილეობდა „კანონში ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ ცვლილებების შეტანის პროცესსა და ახალ კანონმდებლობაზე სამუშაო პროცესში. 2014 – 2016 წლებში კიბერუსაფრთხოების საკითხებში იყო კონსულტანტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „სსიპ – კიბერუსაფრთხოების ბიუროში“, რომლის შექმნისა და ჩამოყალიბების პროცესში იღებდა აქტიურ მონაწილეობას. ის არის საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) "ციფრული ტრანსფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების კომიტეტის" შექმნის ინიციატორი და თავმჯდომარე. ასევე არის კიბერუსაფრთხოების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის (IFCS) ინიციატორი და ორგანიზატორი. მისი ინიციატივითა და უშუალო ორგანიზებით 2016 წელს საქართველოში ჩატარდა პირველი ქართული ინტერნეტ მმართველობის ფორუმი (GeoIGF). ის არის მრავალი სტატიისა და ნაშრომის ავტორი, მათ შორის პირველი ქართულენოვანი წიგნის თანაავტორი კიბერუსაფრთხოებაში "კიბერთავდაცვა: კიბერსივრცის მთავარი მოთამაშეები. პოლიტიკა, სტრატეგია და კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები, 2016". ასევე 2022 წელს მისი ავტორობით გამოიცა მეორე ქართულენოვანი წიგნი „კიბერსივრცის ახალი გამოწვევები და საქართველო“. მას ხშირად იწვევენ საერთაშორისო და რეგიონალურ კონფერენციებსა და ფორუმებზე, სადაც უზიარებს საქართველოს გამოცდილებასა და საუბრობს კიბერსივრცის გამოწვევებზე“, - აღნიშნულია სტუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება