რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტის პოლიციის უფროსს, პოლკოვნიკ ჯონი ჯენინგსს, პოლიციის უფროსის მოადგილესა და პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელს, მაიორ დეივ ჯონსონს და მთავარ კაპელანს, კაპელანების გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელს, თეო შაფერს შეხვდა.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, დავით დავითაშვილს გააცნეს კაპელანების როლი და მნიშვნელობა პოლიციის საქმიანობაში.
„პოლკოვნიკ ჯენინგის აზრით, კაპელანური მსახურების საჭიროება უკვე პოლიციის აკადემიის სასწავლო პროცესშივე დგება, რადგან კურსანტებს წვრთნებითა და გარემოს ცვლილებით გამოწვეული ემოციური სტრესის დაძლევაში დახმარება ესაჭიროებათ, პოლიციელის საქმიანობის შემდგომ წლებში კი კაპელანის დახმარება მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილი ხდება.
მასპინძლების თქმით, ამჟამად შარლოტის პოლიციის განყოფილებაში 56 კაპელანია, რომლებიც პოლიციელებს სულიერი და ემოციური მდგრადობის გაძლიერებაში ეხმარებიან. გარდა ამისა, კაპელანები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებაში პოლიციელის იმიჯის, მისი ადამიანური სახის ჩამოყალიბებაში, რაც საზოგადოების მხრიდან პოლიციელთა მიმართ პატივისცემას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, შარლოტის პოლიციის ხელმძღვანელობა კიდევ უფრო მეტ კაპელანს ისურვებდა პოლიციაში, მაგრამ სამართალდამცავ ორგანოებში კაპელანური მსახურება მოხალისეობაზეა დაფუძნებული. აღსანიშნავია ისიც, რომ კაპელანის სტატუსის მისაღებად სასულიერო პირები პოლიციის უფროსის მიერ დამტკიცებულ, ეტაპებად გაწერილ გადამზადების კურსს გადიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.