ასოციაცია „ევროპის დროით“ ევროკავშირისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ „ევროკავშირის ბიულეტენს“. თქვენ გაეცნობით ევროკავშირისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ზუსტ და ფაქტობრივ ინფორმაციას.

ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების DCFTA-ის ნაწილში (მე-4 კარის მე-13 თავში) დადგენილია პრინციპი რომლის შესაბამისად უნდა განვითარდეს ქვეყნის ვაჭრობა და მდგრადი განვითარება, კერძოდ:

მხარეები აღიარებენ, რომ ეკონომიკური განვითარება, სოციალური განვითარება და გარემოს დაცვა მისი ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთგამაძლიერებელი საშუალებებია.

როდესაც საქართველო ახორციელებს ევროკავშირის სამართალთან ქართული კანონმდებლობის სამართლებრივ აპროქსიმაციას/დაახლოებას ან შეიმუშავებს პოლიტიკას, სამი ფუნდამენტური მიზნის წონასწორობა და ურთიერთდაუზიანებლობა უნდა უზრუნველყოს: ა) სავაჭრო მიზნის; ბ) შრომის მიზნის; გ) გარემოსდაცვითი მიზნის.

ზემოაღნიშნული ნიშნავს შემდეგს: არც სავაჭრო მიზნებმა უნდა დააკნინოს შრომითი და გარემოსდაცვითი მიზნები; არც გარემოს დაცვის მიზნით, უნდა იქნეს უგულვებელყოფილი სავაჭრო და შრომითი მიზნები; არც შრომითი მიზნების გამო, უნდა „დაიჩაგროს“ სავაჭრო და გარემოსდაცვითი მიზნები.

ვაჭრობა და მდგრადი განვითარება - ბიზნესის, ადამიანისა და გარემოს დაცვის წონასწორობისა და გაფრთხილების პრინციპია. ამგვარად უნდა ხედავდეს ევროპულ განვითარებას ხელისუფლებაც, ხალხიც და ბიზნესიც.

ევროზონა შედგება ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებისგან, რომლებმაც მიიღეს ევრო, როგორც ვალუტა. ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო ეკონომიკური და სავალუტო კავშირის (EMU) ნაწილია. ევროზონა შედგება 20 ქვეყნისგან: ბელგია, გერმანია, ირლანდია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ავსტრია, პორტუგალია, ფინეთი, საბერძნეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ხორვატია. ევროზონაში არ შედის ბულგარეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი. ეს ის ქვეყნებია (ევროკავშირის წევრი ქვეყნებია), სადაც ევრო ჯერ კიდევ არ არის მიღებული, როგორც ვალუტა, მაგრამ ყველა მათგანი შეუერთდება ევროზონას მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებს ამისათვის აუცილებელ პირობებსა და მოთხოვნებს.

ევროზონაში გასაწევრიანებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოეთხოვებათ ე.წ. „კონვერგენციის კრიტერიუმები“. ეს სავალდებულო ეკონომიკური და სამართლებრივი პირობები შეთანხმებული იქნა მაასტრიხტის ხელშეკრულებაში 1992 წელს და ასევე ცნობილია როგორც „მაასტრიხტის კრიტერიუმები“. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა (დანიის გარდა) ვალდებულია მიიღოს ევრო და შეუერთდეს ევროზონას მას შემდეგ რაც ისინი მზად იქნებიან. არ არის დაკონკრეტებული ევროზონაში გაწევრიანების კონკრეტული გრაფიკი, მაგრამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა, შეიმუშაონ საკუთარი სტრატეგიები ევროს მიღების პირობების შესასრულებლად.

Erasmus+ წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამას ევროპაში განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მხარდასაჭერად. Erasmus+ ბიუჯეტი შეადგენს 26,2 მილიარდ ევროს. თითქმის ორჯერ აღემატება მისი წინამორბედი პროგრამის დაფინანსებას (2014-2020 წწ.) და სთავაზობს უფრო მეტი მობილურობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას უმაღლესი განათლების, პროფესიული განათლების, საშუალო განათლების, ზრდასრული განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით.

Erasmus+ პროგრამაში სრულად მონაწილეობის უფლება აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებს. მათ შორისაა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები. მათ პროგრამის ქვეყნებს უწოდებენ.

მესამე ქვეყნებს, რომლებიც არ ასოცირდება პროგრამასთან და რომლებსაც ადრე პარტნიორ ქვეყნებს უწოდებდნენ, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ Erasmus+-ის მხოლოდ ცალკეულ მიმართულებებში. საქართველო არ არის პროგრამის ასოცირებული წევრი, თუმცა მისთვის მიცემული მიმართულებების ფარგლებში აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები.

Erasmus+ 2021-2027 წლების პროგრამა უმთავრეს ყურადღებას უთმობს სოციალურ ინტეგრაციას, მწვანე და ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლას, ხელს უწყობს ახალგაზრდების მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში.

ევროპული სამართალი, ოპერმანი/კლასენი/ნეთესჰაიმი, სასწავლო სახელმძღვანელო (ქართულ ენაზე), http://lawlibrary.info/ge/books/GIZ_EULAW.pdf

მოგვწერეთ, გვკითხეთ

european.time.geo@gmail.com

ekakardava2014@gmail.com

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა