საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „დავით გუგეშაშვილი და დავით ჩაჩუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება

7 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „დავით გუგეშაშვილი და დავით ჩაჩუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1703) არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, განსახილველ საქმეზე, სადავო ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემის შემთხვევაში, ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სასამართლო პროცესის ფარგლებში საქმის არსებითი გამოკვლევის შესაძლებლობის მიუხედავად, სადავო ნორმის საფუძველზე ხდება ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის დაბრუნება მისი ხელახალი გამოკვლევის მიზნით, რაც, შედეგობრივად, იწვევს საქმის გაჭიანურებას არაგონივრული ვადით.

„მოსარჩელეთა განმარტებით, სასამართლოს მიერ საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ იგივე გადაწყვეტილება მიიღოს, რის გამოც მხარეს უწევს სასამართლოსათვის განმეორებით მიმართვა. ყოველივე ეს კი დარღვეულ უფლებებში აღდგენას დროში მნიშვნელოვნად აფერხებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია. დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს