თბილისში ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოს კომიტეტის (CEMR) შეხვედრა მიმდინარეობს. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრა ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს გენერალურმა მდივანმა ფაბრიციო როსიმ გახსნა და თბილისის მერს, კახა კალაძეს, თბილისის თვითმმართველობასა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ძალზე მოხარულები ვართ, რომ დღეს თბილისში თქვენთან ერთად ამ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიმყოფები. საქართველო ჩვენთვის წარმოადგენს დიდი ევროპული ოჯახის ნაწილს და ამიტომაც გვსურს, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და დარწმუნებულები ვართ, რომ მალე საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირთან შეერთების შესაძლებლობა მიეცემა. ხოლო მომავალში საქართველოს ჩვენს ევროპულ ოჯახში ოფიციალურად მივესალმებით“, - განაცხადა ფაბრიციო როსიმ.
ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ადგილობრივ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ფაბრიციო როსის თქმით, ეს პროცესი უნდა დაიწყოს ქვემოდან ზემოთ თითოეული ადამიანის საჭიროებიდან და ამ საჭიროებაზე მორგებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე.
თბილისში ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონთა საბჭოს კომიტეტის (CEMR) შეხვედრა 6-7 ივნისს იმართება. შეხვედრაში ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონთა საბჭოს კომიტეტთან ერთად ევროპის ოცი ქვეყნის დელეგაციები, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის, ასევე საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.