საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტმა, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციასთან პარტნიორობით, პროექტის - „არქიგრაფია“ ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით შემდგარმა ჟიურიმ საუკეთესოდ აღიარა სტუდენტ ანნა სპიროვას ნამუშევარი, ფაკულტეტის რჩეული ნინო გრძელიძის ნამუშევარი, ხოლო საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის რჩეული კი სტუდენტ თამთა გელენიძის ნამუშევარი გახდა.
სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის განცხადებით, ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანნა სპიროვა, როგორც კონკურსში გამარჯვებული, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის კალიგრაფიის სკოლაში, ცნობილი მხატვარ-კალიგრაფისტის, დავით მაისურაძის მენტორობით, 4-თვიან საავტორო კურსს გაივლის.
როგორც ნინო იმნაძე აღნიშნავს, პროექტი „არქიგრაფია“, რომელიც ფაკულტეტმა საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციასთან კოლაბორაციით განახორციელა, ახალი გამოცდილების გაზიარების მხრივ, სტუდენტებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა, რადგან პროექტის ორგანიზატორთა მიზანი თანამედროვე ქართულ არქიტექტურასა და დიზაინში ქართული კალიგრაფიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და ესთეტიკის შეტანა-შერწყმაა, რაც სტუდენტებისთვის ქმნის შესაძლებლობას, ახლებურად გაიაზრონ უნიკალური ქართული ანბანი და მისი ტრანსფორმაცია არქიტექტურულ ნამუშევრებსა და ურბანულ სივრცეებში შეძლონ. დეკანის თქმით, სასიხარულოა, რომ პროექტის ფარგლებში გამართულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ბევრმა სტუდენტმა გამოთქვა და ჟიურიმ, გამარჯვებულ და რჩეულ ნამუშევრებთან ერთად, კონკურსის წარმატებულ მონაწილეებად 8 სტუდენტი - ნინი ყაველაშვილი, თათია დოლიძე, ნანა კონცელიძე, მარიამ კვარაცხელია, ლიზი ბახია, თინათინ რეხვიაშვილი, ანა კუპრეიშვილი და გიორგი ბალახაძე დაასახელა.
საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორმა ნესტან ბაგაურმა მადლობა გადაუხადა სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს პროექტ „არქიგრაფიასა“ და კონკურსში მონაწილეობისთვის. როგორც ნესტან ბაგაურმა აღნიშნა, სტუდენტებისთვის უკვალოდ არ ჩაიარა თანამედროვე ქართული კალიგრაფიის ოთხი გამორჩეული ხელოვანის - გიორგი სისაურის, გიორგი გორგიაშვილის, ლეილა ბაღბაიასა და დავით მაისურაძის საავტორო პერფორმანსებმა და მასტერკლასებმა, რის შემდეგაც ახალგაზრდებს მიეცათ დრო, შეექმნათ საავტორო კალიგრაფიული ნამუშევრები და მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში. საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანისტიკის მიმართულების სტუდენტებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს იმის გათვალისწინებით, რომ მათი ყველა ნამუშევარი უდავოდ საინტერესო და ორიგინალური ხედვით გამორჩეული აღმოჩნდა, თუმცა საკონკურსოდ მხოლოდ 11 ნამუშევარი შეირჩა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტისა და საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის ერთობლივი უნიკალური პროექტის - „არქიგრაფია“ განხორციელება მიმდინარე წლის 8 მაისიდან დაიწყო. პროექტის შედეგები სტუდენტთა საკონკურსო ნამუშევრების გამოფენითა და გამარჯვებულთა გამოვლენით შეჯამდა.