თბილისის საკრებულოს ალტერნატიული გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ნინო წულაძე და ვატო სურგულაძე, თბილისში გლდანის ხევში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ფემიციდის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის არგუმენტად ხელისუფლების წარმომადგენლებს კონვენციები და საერთაშორისო აქტები მოჰყავთ, რომლებსაც საქართველო შეუერთდა, თუმცა რელევანტური აღსრულების მექანიზმების დანერგვასა და შემუშავებაზე ნაკლებად მუშაობენ.
„ქმარმა ყოფილი ცოლი თოკით გაგუდა, ქალის ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსა და ხევში გადააგდო. 27 წლის ქალის გვამი გლდანის ტყეში იპოვეს დასახიჩრებული.
ალტერნატიული გენდერული საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს, თვიდან თვემდე ფემიციდის გაზრდილ სტატისტიკასა და ხელისუფლებისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოების უმოქმედობასთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ გენდერული საბჭოები წილოსან/ნიბლოშვილის ხელმძღვანელობით, მოხარულნი არიან და საბჭოს მიღწევად თვლიან პირველი მაისიდან განახლებული ფორმით ამოქმედებულ შემაკავებელი ორდერისა და რისკების შეფასების ინსტრუმენტებს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველ დღე რამდენიმე დასახიჩრებული, შეურაცხყოფილი ან სექსუალური ძალადობა გამოვლილი ქალის შესახებ ეცნობიან ცნობებს, არ უჩნდებათ პროტესტის გრძნობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით პარტიულ ფსევდო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია კრიტიკულად შევაფასოთ სამართალდამცველების კომპეტენცია და პასუხისმგებლობა, სამომავლო ძალადობრივი ქმედებების პრევენციისა და მოძალადის იდენტიფიცირების მიმართულებით.
გენდერული საბჭოების საჯარო განცხადებებში აცხადებენ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მაღალი სტანდარტით იცავს ქალთა უფლებებს!
სამწუხაროდ, აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან გლდანის ტყეში ნაწამები ქალი ვერ დაიცვა კანონმა და ამ ფაქტმა კიდევ უფრო მძაფრი შიშის განცდა გაუჩინა ყველა იმ ქალს, რომელიც დღემდე ძალადობას განიცდის და ვერ ბედავს ამაზე ხმამაღლა საუბარს, სამართალდამცავი უწყებისთვის მიმართვას, რადგან საჯარო ფაქტები ნათლად მიუთითებს, რომ პოლიციელის ფარატინა შემაკავებელი ორდერის მიღმა დამცავი მექანიზმები არ დგას!
კრიზისულ ცენტრებსა და თავშესაფრებში სავარაუდო სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ქალები, ხშირ შემთხვევაში, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მოძალადის სახლში ბრუნდებიან იმიტომ, რომ ეკონომიკური გაძლიერებისთვის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოები ქმედით შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას არ აწარმოებენ.
ალტერნატიული საბჭო მწუხარებასა და შეშფოთებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ უთავბოლო „კამპანიებისა“ და არაკომპეტენტური მმართველობის გამო, რის შედეგადაც მსხვერპლ ქალებს მომეტებული საფრთხის პირობებში უწევთ ცხოვრება.
ჩვენი, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის ალტერნატიული გენდერული საბჭოს, მიზანია მარტოოდენ სიტყვა „შეშფოთების“ მიღმა რეალურად ვიმუშაოთ ძალადობის მსხვერპლი ქალების გასაძლიერებლად და გადასარჩენად. - ნათქვამია განცხადებაში.