პაატა მანჯგალაძე - თუ ოპოზიციას კოორდინაცია მთავარ საკითხზე - ევროპულ მომავალზე ექნება და არ დაიხარჯება იმაზე, ხაბეიშვილმა რა უთხრა მელიას და მელიამ რა უთხრა ხაბეიშვილს, ახალი პოლუსის შექმნა შესაძლებელია

მესამე პოლუსის შექმნას მივესალმები. მთავარია, გავასწოროთ ფოკუსი. თუ ფუნდამენტურ საკითხებზე ოპოზიციას ექნება კოორდინაცია, არა სიებზე, ერთიან ნომრებზე ან ერთიან პლატფორმაზე, არამედ მთავარ საკითხზე - ევროპულ მომავალზე, ყველა პოლუსის არსებობა შესაძლებელია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, რომ ოპოზიციაში ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე უნდა შეიქმნას.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ოპოზიციის კოორდინაციის მხარეს, თუმცა, „არა ერთიან სიებში, რომ ვიღაცამ ბარიერი გადალახოს“. მანჯგალაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია მთავარ საკითხებზე საუბრის ნაცვლად ერთმანეთზე თავდასხმის გზას გააგრძელებს, „ბარიერიც გვერდზე დარჩება, საქართველოც და პარტიული იდენტობებიც“.

„ბადრი ჯაფარიძის და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების განცხადებას, რომ სურვილი აქვთ, შექმნან მესამე პოლუსი, ცენტრი, მივესალმები. მთავარია გავასწოროთ ფოკუსი, შინაარსი. მე წარმატებას ვუსურვებ ნებისმიერ ცენტრს, ნებისმიერ გაერთიანებას, რადგან ერთობლივად უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. არ დაგვავიწყდეს მთავარი, ერთმანეთში კინკლაობამ ისე არ გაგვიტაცოს ამ პოლუსების შექმნის დროს, დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშეა და საფრთხეა, რომ რუსეთში არ გავიღვიძოთ. თუ ფუნდამენტურ საკითხებზე ოპოზიციას ექნება კოორდინაცია, არა სიებზე, ერთიან ნომრებზე ან ერთიან პლატფორმაზე, არამედ კოორდინაცია მთავარ საკითხზე - ევროპულ მომავალზე და „ქართულ ოცნებას“ ერთიანად ვამხელთ, მაშინ შესაძლებელია ყველა პოლუსის არსებობა, მაგრამ თუ მთავარი საკითხი იქნება, მელიამ რა უთხრა ხაბეიშვილს და ხაბეიშვილმა მელიას და ამაზე დაიხარჯება ზოგიერთი ოპოზიციონერი, მოეხმარება „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, თითქოს რაიმე უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე კადიროველების ჩამოსვლა, ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი საქართველოში. ეს იქნება ყურადღების გადატანა და არ უნდა მივეხმაროთ „ოცნებას“ ამაში. სტრატეგია აღმაშენებელი არის ოპოზიციის კოორდინაციის და საერთო ძალისხმევის მხარეს, არა ერთიან სიებში, რომ ვიღაცამ ბარიერი გადალახოს. ბარიერიც გვერდზე დაგვრჩება, საქართველოც და პარტიული იდენტობებიც თუ ასე გავაგრძელებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, ის არ ეთანხმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

"ჩვენი ამოცანა მკაფიოა, შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ეს ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს. ისეთი გაერთიანების შექმნაა გასაღები, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“, ასეთი გაერთიანების შექმნაა „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა