„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა, რომელიც დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას და თანამდებობის პირთა წრის გაფართოებას გულისხმობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” პარლამენტში “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო წინადადება წარადგინა, რომელიც მიზნად თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებას ისახავს, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილება გულისხმობს დეკლარაციების მონიტორინგის გაუმჯობესებას, დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას და თანამდებობის პირთა წრის გაფართოებას, რომლებმაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები უნდა შეავსონ.

როგორც ლიკა საჯაიამ აღნიშნა, საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებების მიღება და მათი პრაქტიკაში ამოქმედება თანამდებობის პირთა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს გააუმჯობესებს.

„თანამდებობის პირების აბსოლუტური უმეტესობა არასწორად ავსებს დეკლარაციას და ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. მაგალითად, 2015 წლიდან ჩვენმა ორგანიზაციამ შეამოწმა 1973 ქონებრივი დეკლარაცია, საიდანაც 600-მდე დეკლარაცია არის არასწორად შევსებული. ასევე, ამას მოწმობს საჯარო ბიუროს ანგარიშებიც, რომ ყოველი მეორე დეკლარაცია ივსება არასწორად, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მონიტორინგის სისტემა არის დასახვეწი და ამისათვის საჭიროა მეტი გამჭვირვალობა. ამისათვის საჭიროა, რომ იგივე მონიტორინგი იწყებოდეს მასმედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ის თანამდებობის პირი, რომლის თანამდებობაც უფლებამოსილების ბოროტების გამოყენების რისკებს შეიცავს, სადაც არის კორუფციის მაღალი რისკები, საერთოდ არ ავსებენ ქონებრივ დეკლარაციას“, - განაცხადა ლიკა საჯაიამ.

კერძოდ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ცვლილებები:

„გაიზრდება იმ თანამდებობის პირთა წრე, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაციის შევსება ევალებათ. მათ შორის დეკლარაციის შევსების ვალდებულება ექნებათ: ანტიკორუფციულ საქმეთა გამომძიებლებს, სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირთა მრჩევლებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, იმ საწარმოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს, რომლის აქციათა ან წილის 50 და მეტ პროცენტს ფლობს სახელმწიფო ორგანო და ა.შ.;

გაიზრდება დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხა - თანამდებობის პირი ვალდებული იქნება შეიტანოს ინფორმაცია სრულწლოვანი შვილის ქონების და შემოსავლის შესახებ, ასევე კრიპტოვალუტისა და საბოლოო (ბენეფიციარი) მესაკუთრეობის შესახებ;

გაუმჯობესდება დეკლარაციების მონიტორინგის რეგულაციები - იზრდება გამჭვირვალობის ხარისხი, მაგალითად: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) თანამდებობის პირების დეკლარაციები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება; დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველი ხდება მასმედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია და ანონიმური განცხადებაც; მონიტორინგისათვის დეკლარაციების შემრჩევ დამოუკიდებელ კომისიაში მონაწილეობა გამომძიებელი ჟურნალისტებისთვისაც იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის