8-18 ივნისს, თბილისში საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი TBILISI PIANO FEST უკვე მეოთხედ ჩატარდება, რომელიც 2019 წელს დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობითვე, ფესტივალი კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში ტარდება, მასტერ-კლასები ეროვნულ სასახლეში, ხოლო ბოლო ორ დღეს, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, დუდანა მაზმანიშვილის, ნიკოლოზ რაჭველის, მარიამ ბაწაშვილისა და ბერლინის შტაატსკაპელეს ორკესტრის იტალიელი დირიჟორის, ჯუზეპე მენტუჩას ერთობლივი კონცერტები გაიმართება.
„ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, ხოლო წლევანდელ სტუმართა შორის არიან ცნობილი პიანისტები ნიუ-იორკიდან, პარიზიდან, ციურიხიდან, მადრიდიდან, ბერლინიდან და, რა თქმა უნდა, ქართველი პიანისტები - ჰონენსის პრემიის გამარჯვებული, ნიკოლოზ ნამორაძე და ლისტის კონკურსის გამარჯვებული, მარიამ ბაწაშვილი. ასევე, ფესტივალში მონაწილეობას იღებს უკრაინული წარმოშობის გამოჩენილი პიანისტი კონსტანტინ ლიფშიცი.
ფესტივალი მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებსა და პედაგოგებს ყოველწლიურად აერთიანებს. ახალგაზრდა ნიჭიერ პიანისტებს კი საშუალება ეძლევათ, ინტერაქტიურ ფორმატშიც იყვნენ მასტერკლასების მონაწილეები და უშუალო, საფესტივალო გარემოში მიიღონ გამოცდილება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.