Bruno Mars-ის კონცერტი არის ყველაზე მასშტაბური, რომელიც Starring Georgia-ს ფარგლებში ამ დრომდე დაანონსდა, - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა 20 ივნისიდან დაიწყება.
„1-ელ ოქტომბერს საქართველოს ამერიკელი მეგა ვარსკვლავი ბრუნო მარსი ეწვევა და ის კონცერტს გამართავს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, სადაც 70 ათასამდე ადამიანი შეძლებს დასწრებას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, როგორც ქართველი მოგზაურებისთვის, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის, რომ მეგავარსკვლავს მოუსმინონ. ასევე, აღსანიშნავია, რომ Starring Georgia-ს ფარგლებში ეს არის ყველაზე მასშტაბური კონცერტი, რომელიც აქამდე დაანონსდა. თუმცა ისიც აღსანიშნია, რომ ელვისებური სისწრაფით იყიდება ბილეთები. 20 ივნისიდან შეძლებს მსმენელი, რომ ბილეთები შესაბამის ელექტრონულ პლატფორმებზე შეიძინოს. ასევე, აღსანიშნავია, რომ Starring Georgia არის საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ივენთ- კალენდარი, მასშტაბური ღონისძიებების კალენდარი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს საერთაშორისო, მსოფლიო ღონისძიებათა კალენდარზე ღირსეული ადგილი დაიკავოს“, - აცხადებს მაია ომიაძე.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც Black Sea Arena-ს გუნდთან ერთად ხორციელდება.
„ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: Imagine Dragons, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება“,- ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.