გიორგი ამილახვარმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა და CERN-ის კვლევისა და ინფორმატიკის დირექტორმა, იოახიმ იოსეფ მნიხმა მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის ერთობლივ გაცვლით სამეცნიერო-კვლევით პროექტებს განახორციელებენ; ჩატარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები; ქართველ ინჟინრებს შესაძლებლობა ექნებათ, CERN-ის ექსპერიმენტულ კვლევით პროექტებში მონაწილეობა მიიღონ და სხვა.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოვაწერო თანამშრომლობის მემორანდუმს ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორობას განათლების, ტრენინგების განხორციელებისა და ტექნოლოგიური ცოდნის გაზიარების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ეს ხელშეკრულება წარმოადგენს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მანამდე არსებული ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას მაღალი ენერგიის ფიზიკის სფეროში განხორციელებულ ფუნდამენტურ კვლევებში.

ყველა ვთანხმდებით, რომ მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაცია და ინტერნაციონალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შესაქმნელად, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. გრძელვადიან პერსპექტივაში, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემა მაღალი ხარისხის სამეცნიერო-კვლევითი პროცესისა და ეკონომიკური წინსვლის საფუძველია.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს CERN-თან მჭიდრო თანამშრომლობას, რაც გულისხმობს ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის მხარდაჭერას, მკვლევრებისა და ინჟინრებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას CERN-ის პროექტებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობისთვის. დარწმუნებული ვარ ეს თანამშრომლობა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას მისცემს განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას - ქართველი მეცნიერები მიიღებენ ღირებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

ჩვენი სურვილია, საქართველო მნიშვნელოვანი კვლევების ჰაბად ვაქციოთ. ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის დაარსება იყო – მოხარული ვარ, რომ CERN-თან მომავალი თანამშრომლობა ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას სწორედ ადრონული თერაპიის მიმართულებით.

თანამშრომლობის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, მსურს ვისარგებლო შესაძლებლობით და დავადასტურო ჩვენი მზაობა, სამომავლოდ, CERN-ში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ კონსულტაციები საქართველოს ასოცირებული წევრობის შესახებ. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება დიდ სარგებელს მიიღებს კვლევებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის ძლიერი ჩარჩოთი, რაც სექტორს განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს.

მჯერა, რომ მეცნიერება და ტექნოლოგიები ყოველთვის იქნება პროგრესის არსებითი მამოძრავებელი ძალა. ამავდროულად, ცოდნის გაზიარებამ გლობალურ დონეზე შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი მეცნიერების განვითარებას. ასე რომ, გავერთიანდეთ ამ მიზნის მისაღწევად!“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
23-25 სექტემბერს საქართველოში ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo Georgia 2023 ჩატარდება
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო