საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მცირე მეწარმეებისთვის დაღვინების პროცესის მონიტორინგის მოწყობილობის სრულყოფაზე მუშაობენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფი, მათივე აწყობილი „დაღვინების პროცესის მონიტორინგის მოწყობილობის“ გაუმჯობესება-სრულყოფაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა: ნიკა აბუსერიძემ, ნიკა გარსენიშვილმა, გია ყიფიანმა და კოტე მეგრელიშვილმა გურჯაანის ტექნოპარკის ორგანიზებით ჩატარებულ ჰაკათონში - „ღვინოთონი“ ინოვაციური მოწყობილობა წარადგინეს, მეორე ადგილი დაიკავეს და 2000-ლარიანი გრანტი მოიპოვეს.

როგორც გამარჯვებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ნიკოლოზ აბუსერიძე აცხადებს, მოწყობილობა მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს ხარისხი თვითონ აკონტროლონ და ამით, თავიდან აიცილონ ლაბორატორიებში მუდმივი ტესტირების პროცესი. სტუდენტთა ჯგუფმა მოწყობილობის პროტოტიპის გასაუმჯობესებლად მუშაობა, მოპოვებული გრანტით უკვე დაიწყო.

„ჰაკათონზე მუშაობის დრო 24 საათის განმავლობაში გვქონდა. დავალება სამ გამოწვევას მოიცავდა, აქედან ორი - მარკეტინგის და ერთი - ტექნიკური მიმართულებით. ჩვენ ავაწყვეთ ღვინის ხარისხის კონტროლის მოწყობილობა. ეს მცირე მეწარმისთვის საჭირო მოწყობილობაა, რომელიც მას დაუზოგავს დროსა და ფინანსებს. მეწარმეს შეეძლება ადგილზე და არა ლაბორატორიაში, გააკონტროლოს ღვინის მჟავიანობა, შაქრისა და ალკოჰოლის დონე, ტემპერატურა. მსგავსი მოწყობილობები მხოლოდ ლაბორატორიებშია. ჩვენი მოწყობილობა კი ბიუჯეტური და რაც მთავარია, საოჯახოა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რაც შეიძლება გაგვემარტივებინა ტექნოლოგიების გამოყენება ღვინის წარმოებაში. ჯგუფის ოთხივე წევრს ფუნქციებიც და სამუშაოც დანაწილებული გვქონდა. ნიკა გარსენიშვილი და კოტე მეგრელიშვილი იდეის დახვეწის მიმართულებით მუშაობდნენ. შევძელით და დავამზადეთ პროტოტიპი, მომდევნო ეტაპი კი მისი სრულყოფაა. მოპოვებული გრანტით მოწყობილობისთვის სენსორებს შევიძენთ, რაც შესაძლებელს გახდის, მეტად ზუსტი ლაბორატორიული კვლევები ჩავატაროთ. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი“, - განაცხადა სტუდენტმა, ნიკოლოზ აბუსერიძემ.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, ფაკულტეტზე მოქმედებს თავისუფალი სივრცე - „ჭკვიანთა სამჭედლო“, სადაც სტუდენტთა ჯგუფებს ინოვაციური იდეების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ.

„ადამიანთა ინტერნეტის“ შესახებ საყოველთაოდ ცნობილია და ისიც ცნობილია, თუ რა სარგებელი მოიტანა მან. რამდენიმე ათეული წლის წინ წარმოუდგენელი იყო ფინანსური ოპერაციის ტელეფონით შესრულება. ტექნიკა წინ მიდის და ძირითადად, მორგებულია ადამიანის კომფორტზე, უსაფრთხოებასა და რესურსების ოპტიმალურ გამოყენებაზე. დღეს, მსოფლიოში, აქტიურად მუშაობენ მულტიდისციპლინური მიმართულების - „ნივთების ინტერნეტის“ შექმნაზე, რაც „ჭკვიან მოწყობილობებს“ და მათ ურთიერთკავშირს გულისხმობს. უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი აქტიურადაა ჩართული ამ გამოწვევებში, ციფრული ტელეკომუნიკაციისა და ასევე, კომპიუტერული ინჟინერიის სასწავლო-საბაკალავრო პროგრამებში შეტანილია „ნივთების ინტერნეტი“ და ჩვენი სტუდენტები დიდი ინტერესით სწავლობენ, რათა მათ შემდეგში შეძლონ ქსელის პროექტირება, აწყობა, შექმნა. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მოქმედებს „ჭკვიანთა სამჭედლო“. ეს თავისუფალი საუნივერსიტეტო სივრცეა, სადაც სტუდენტისთვის ყველა პირობაა შექმნილი ახალ იდეებზე სამუშაოდ. სტუდენტები უზრუნველყოფილი არიან ტექნიკით, მათ კონსულტაციებს გამოცდილი პროფესიონალები უწევენ, რათა იდეა სწორად განახორციელონ. შესაბამისად, ჩვენი სტუდენტები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში. გურჯაანის ტექნოპარკის მიერ ორგანიზებულ ჰაკათონში მონაწილე სტუდენტთა ჯგუფიც „ჭკვიანთა სამჭედლოს“ წევრია. სტუდენტებისთვის, გარდა სასწავლო პროცესისა, მნიშვნელოვანია ჰქონდეთ აქტივობის, თავისი ცოდნის რეალიზაციის საშუალება. „ჭკვიანთა სამჭედლო“ მათ ინტერესებს მთლიანადაა მორგებული. აქ რამდენიმე ჯგუფია გაერთიანებული, რომლებმაც თურქეთში, ჰაკათონში მიღეს მონაწილეობა. ძალიან მალე ჰაკათონი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება, შემდეგ ზუგდიდში და ა.შ.“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ შალვა კვირკველიას განცხადებით, ჰაკათონში მონაწილეობის მიღებამდე, სტუდენტთა ჯგუფმა ძირფესვიანად შეისწავლა მეღვინეთა პრობლემები, რათა საჭირო მოწყობილობის შექმნაზე ემუშავათ. სტუდენტების აწყობილი მოწყობილობა მეღვინეს აძლევს საშუალებას, ლაბორატორიაში მისვლის გარეშე, ადგილზე მიიღოს მჟავიანობის, ტემპერატურის, ტენიანობის შესახებ მონაცემები და მყისიერად, დროისა და ფინანსების დაზოგვით, გადაწყვეტილება მიიღოს.

„სამუშაო პროცესი და შედეგი შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ - სისტემების შექმნა და სისტემების მოხმარება. პირველი ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტი და ფაკულტეტი ცოდნის მიღების ყველა პირობას ქმნის - სტუდენტებს აქვთ ტექნიკა, ჰყავთ მენტორები, რომლებიც საკვანძო საკითხების გარკვევაში ეხმარებიან. მოწყობილობათა პროტოტიპირების შემდეგი ეტაპი კომერციალიზაციაა. ეს ფაზა, რომელიც ბაზარზე დამკვიდრებას გულისხმობს, ყველაზე რთულია. ჩვენ სტუდენტებს ვუხსნით, თუ რა განაპირობებს პროდუქციის ბაზარზე წარმატებით გასვლას. საიმედოობა, ხარისხი, საჭიროება, პრობლემის მოგვარება, ფასი - აი, ეს არის ძირითადი კრიტერიუმები. ჩვენ ინჟინრები ვართ, ტექნიკურ მხარეზე ვმუშაობთ. ამ ეტაპზე, მოწყობილობა იხვეწება, რათა პროდუქტის სახე მიიღოს, შემდეგ გაიაროს ტესტირება, რაც არ არის მარტივი ეტაპი. საბოლო ჯამში, შესაძლებელი იქნება მოწყობილობის ინტეგრირება ქსელთან, სადაც განთავსდება მონაცემები, რომელსაც მეღვინე ნებისმიერ დროს გააკონტროლებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა შალვა კვირკველიამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა