თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სულხან ცინცაძის 56-58 ნომერში, 24-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით, „გააუქმეთ თაღლითურად მოპოვებული მშენებლობის ნებართვა!“, „მერია ეზო დაგვიბრუნე“.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ხათუნა ნანუაშვილის თქმით, ისინი 2014 წლიდან მშენებლობის ნებართვის გაუქმებას და ეზოს დაბრუნებას ითხოვენ.
„დღევანდელი აქციით ვითხოვთ ჩვენი ეზოს დაბრუნებას, რომელიც უკანონოდ გაასხვისეს. ჩვენთვის უნდა გადმოეცათ, როდესაც ჩვენი კორპუსი აშენდა, არ გადმოგვცეს და თაღლითურად მეორედ გაყიდეს. იგივე ხალხი დგას ამ ყველაფრის უკან და ახლა უნდათ, რომ ჩვენს ეზოში 24- სართულიანი კორპუსი აგვიშენონ. ამას ვაპროტესტებთ და ჩვენი ეზოს დაბრუნებას ვითხოვთ. მერიის წარმომადგენლები მხრებს იჩეჩავენ, ყველა აბრალებს თავის წინამორბედს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პიროვნული პრეტენზია არ გვაქვს, სტრუქტურას ვედავებით. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს ნარმანიას, შევარდნაძის, კალაძის, თუ ვის დროს ხდება. ჩვენ გვყავს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელთანაც საქმეს ვიჭერთ“, - განაცხადა ხათუნა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის უკან მიწის მფლობელის ინტერესები დგას, რომელიც სხვადასხვა პირებზე მიწას აფორმებს.
„რამდენიმე წლის წინ განცხადებები კეთდებოდა მერიის მხრიდან, რომ ეს არის უკანონოდ გაცემული ნებართვა და ვითომ ჩვენს გვერდით იდგნენ, მაგრამ ახლა ხელებს იბანენ და ამბობენ, რომ ვერაფრით დაგვეხმარებიან. ჩვენ კანონიერად ჩვენი ეზოს დაბრუნებას ვითხოვთ. ეს არის მარტივად გადასამოწმებელი მერიის ვებ-გვერდზე, არის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავის დროზე ჩვენი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გაიცა, რომლის მიხედვითაც ეს მიწა ჩვენთვის უნდა გადმოეცათ. ჩვენ სასამართლო დავაც გვქონდა, პირველი ინსტანციის სასამართლო მოვიგეთ, სამწუხაროდ, მეორე და მესამე წავაგეთ, მაგრამ ისეთი არგუმენტებით, რომ ეს აბსურდია.
ამ ყველაფრის უკან მიწის მფლობელის ინტერესები დგას, რომელიც ცდილობს ყველას გზა აგვირიოს და ის ბევრჯერ სხვადასხვა პირებზე მიწას აფორმებს“, - განაცხადა ხათუნა ნანუაშვილმა.
მანიფესტანტები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.