ცნობილი მეცნიერები, არქეოლოგები კორეის რესპუბლიკიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციას "Tri-national Archaeological Cooperation and Academic Exchange: Georgia, Azerbaijan, Korea" გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ სემინართან დაკავშირებით თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ ტონგ ოპს შეხვდა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ-კორეულ არქეოლოგიურ კონფერენციას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი, სემინარის მასშტაბი გაიზრდება და ყოველწლიურად მასში უფრო მეტი მეცნიერი მონაწილეობას სხვა სფეროებიდანაც მიიღებს. ასევე, ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორეის უნივერსიტეტებს შორის სასწავლო-სამეცნიერო ურთიერთობების დამყარებაზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე.
თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის ქართულ-კორეულ სამეცნიერო ურთიერთობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს და აღნიშნული კონფერენცია იქნება ამ თანამშრომლობის დასაწყისი.
„ჩვენ კორეელ კოლეგებს ვთავაზობთ ერთობლივი არქეოლოგიური კვლევის განხორციელებას ფაზისში. ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ექსპედიცია რეგიონში. ასევე, მზად ვართ, სხვა სფეროებშიც მაქსიმალურად დავიწყოთ დაახლოება კორეის რესპუბლიკასთან, ეს არის კომპიუტერული ტექნოლოგიები, საინჟინრო ტექნოლოგიები და ის მიმართულებები, რომელშიც კორეა არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში. ჩვენი უნივერსიტეტი ღიაა განავითაროს კორეული ენის, კულტურის და ისტორიის შესწავლა“,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
თსუ განმარტებით, კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მხარდაჭერა კორეის რესპუბლიკასთან ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში აღუთქვა.
ღონისძიებას ასევე, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა ესწრებოდა. შეხვედრის ბოლოს თსუ რექტორმა კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული გრაკლიანის არქეოლოგიურ ბაზაზე მიიწვია.